ახალი ამბები
რუსეთის მესაზღვრეებმა ავლევთან ახალი ბანერები დააყენეს
რუსეთის საოკუპაციო ძალების მესაზღვრეებმა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარედ ახალი ბანერები დაამონტაჟეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, გამყოფმა ზოლმა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე 50 მეტრით გადაიწია.

საოკუპაციო ზოლის გადაწევის გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებით 50 ჰექტარი მიწის ფართობი მოექცა.

აღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური განცხადება გააკეთა.

"მიმდინარე წლის 6 ივნისს, რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები უკანონოდ იქნა აღმართული.

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აღნიშნული ბანერების არალეგალური მონტაჟი წარმოადგენს მორიგ პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციისკენ და საფრთხეს უქმნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

აღნიშნული უკანონო ქმედება 28 ივნისს დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრაზე იქნება განხილული- განაცხადა სუს-ის საინფორმაციო- ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა ირაკლი ბერაიამ."
ნათქვამია განცხადებაში.

 


 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები