ახალი ამბები
მეხილეებს ჰოლანდიელმა ექსპერტმა ინოვაციები გააცნო
ვაგენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) ექსპერტებმა მეხილეობის საკითხებზე ოთხდღიანი სემინარი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ჩაატარეს.

სემინარი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ გახსნა.

ტრენინგს სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები, ფერმერები, ექსტენციონისტები და აგროკონსულტანტები დაესწრნენ.

ვაგენინგენის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ხეხილოვანი კულტურების (ვაშლი, მსხალი, ატამი, ბალი, ქლიავი) წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, ხეხილის ბაღის გაშენების სპეციფიკის, მოწყობისა და დიზაინის, სხვლა-ფორმირების, ირიგაციისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე ისაუბრეს;

სასწავლო კურსის ფორმატში  ხეხილოვანი კულტურების წარმოების სრული ციკლის დაგეგმვისა და ჰოლანდიაში მეხილეობის დარგში არსებული ინოვაციების საკითხებიც განიხილეს.

სასწავლო კურსის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, მსმენელებმა წილკანსა და ჯიღაურაში მდებარე ხეხილის და ვაზის საკოლექციო ნაკვეთები, აგრეთვე ცენტრის ლაბორატორიები დაათვალიერეს და კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

„მსგავსი ტიპის სემინარები ექსტენციონისტებს, ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს თეორიული ცოდნა გაიღრმავონ ხეხილის ბაღების მოწყობის საკითხებზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო კურსის პრაქტიკულ ნაწილში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული ხილის გადამამუშავებელი საწარმოების მუშაობის სპეციფიკას გაცნობოდნენ“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.



Print

სტატიის გამოყენების პირობები