ცხინვალის დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა
დისეველი გიორგი გიუნაშვილი დააკავეს.
აღნიშნული უწყების პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გიუნაშვილი
2004 წლიდან სხვადასხვა დივერსიულ აქტებში იღებდა მონაწილეობას
და საქართველოს სპეცსამსახურების დავალებებს ასრულებდა.
ამ ინფორმაციას დე-ფაქტო მთავრობის კონტროლირებული მედია-საშუალებები
ავრცელებს.
სააგენტო ,,სპუტნიკის" ცნობით, გიუნაშვილმა 2007 წელს სოფელ
ხელჩუასთან აფეთქება ოსური სამხედრო ძალების სიახლოვეს მოაწყო, რა
დროსაც ერთი ოსი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო, ერთი - დაიჭრა.
ის ,,დისევის დაცვის" ჯგუფის წევრი იყო - იუწყებიან ცხინვალის
სააგენტოები.
დე-ფაქტო მთავრობის უშიშროების სამსახური სხვა საიდუმლო მასალებს არ
აჯაროვებს და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ
საქმიანობის შესწავლას განაგრძობს.
სოფელი დისევი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებრეობს და გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთს ესაზღვრება.
რა ვითარებაში მოხდა გიუნაშვილის დაკავება, უცნობია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ძალოვან უწყებებს
კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
სტატიის გამოყენების პირობები