ახალი ამბები
ალკოტესტის თავის არიდებისას ნარკოცენტრში წასვლა პირს სახდელისგან არ ათავისუფლებს
სახალხო დამცველი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვს.

ცვლილების მიხედვით, ნარკოლოგიურ ცენტრის ექსპერტიზის დადებითმა პასუხმა, მოქალაქე, ალკოტესტიგან თავის არიდების გამო დაკისრებული სახდელისგან, უნდა გაათავისუფლოს.

მოქალაქე დ.შ.-ის განცხადების განხილვისას სახალხო დამცველი გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდა. 

კერძოდ,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველ ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას  ,,სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება" წარმოადგენს. 

ამავე მუხლის შენიშვნის მე-10 პუნქტის მიხედვით, თუ ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა ტესტირების მეშვეობით გამოვლინდა, მძღოლი უფლებამოსილია ტესტირებიდან 2 საათის განმავლობაში მიმართოს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებას კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების ან/და სისხლის აღებისა და მასში ეთანოლის შემცველობის დადგენის მიზნით.

თუ კლინიკურ-ლაბორატორიული შემოწმების შედეგად მძღოლს არ დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა, იგი გათავისუფლდება ადმინისტრაციული სახდელისაგან.

,,ამგვარი შესაძლებლობა არ არის დადგენილი იმ პირებისათვის, რომლებსაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდების გამო. საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მსგავსი მიდგომა უნდა იქნას უზრუნველყოფილი იმ პირთა მიმართაც, რომლებმაც თავი აარიდეს შემოწმებას ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად, თუმცა შემდეგ ასეთი შემოწმება გაიარეს შესაბამის სამედიცინო/საექსპერტო დაწესებულებაში." - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი იმგვარი ცვლილებების შეტანას ითხოვს, რომელიც ალკოტესტის შემოწმების თავის არიდების შემთხვევებზე ნარკოლოგიური ცენტრის ექსპერტიზის დადებითი პასუხები პირს სახდელისგან გაათავისუფლეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები