გორის აუზი ოქრუაშვილის მეგობრის სასარგებლოდ დააყადაღეს
20:10 / 05.08.2016
შიდა ქართლის პროკურატურის შუამდგომლობით გორის სასამართლომ გორის
საცურაო აუზი დააყადაღა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიიდან აცნობეს.
მერიის წარმომადგენლის ცნობით, ქონების დაყადაღების შემდეგ, ქალაქის
ბიუჯეტიდან საცურაო აუზისთვის თანხების დახარჯვა უკვე
შეუძლებელია.
შუამდგომლობის მომთხოვნი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი
ოქრუაშვილის მეგობარი გია გიგუაშვილია, რომელსაც 2008 წელს, სწორედ,
ოქრუაშვილის მეგობრობის გამო, პროკურატურამ ეს ქონება წაართვა.
საქმე იმაშია, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო მერიისგან გორის
საცურაო აუზის საკუთრებაში გადაცემას ითხოვს.
ამჟამად, აუზი მერიის ბალანსზეა.
ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს ამჟამინდელი მთავარი პროკურორის
მოთხოვნით, ქონების გადაცემას ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრისთვის
აპირებს.
მერიამ ქონების გადაცემის შესახებ პროექტი საკრებულოს წევრებს
დასამტკიცებლად დღეს წარუდგინა.
საკრებულოს სხდომაზე ქვორუმი არ შედგა და საკითხი ჩავარდა.
შესაბამისად, საცურაო აუზი ეკონომიკის სამინისტროს ჯერ ვერ გადაეცემა.
ეკონომიკის სამინისტრო კი გია გიგუაშვილს აუზს ამ ეტაპზე ,,ვერ
დაუბრუნებს".
ქონების გადაცემის შესახებ საკითხს ორშაბათს 8 აგვისტოსაც
განიხილავენ.
დღევანდელ საკრებულოს სხდომას ამ საკითხის გამო ბოიკოტი თავმჯდომარის
მოადგილემ ზურაბ როსებაშვილმა, პარტია ,,ქართული ოცნების" წევრებმა -
ვანო ჩხიკვაძემ, ლია ჩლაჩიძემ და პაპუნა კობერიძემ გამოუცხადეს.
ოქრუაშვილის მეგობრის სასარგებლოდ აუზის გადაცემის კატეგორიული
წინააღმდეგები არიან ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრები - თამარ
თედლიაშვილი და დავით წეწვაძე.
ამ ორ მათგან გია გიგუაშვილი საკრებულოს ფოიეში დაუპირისპირდა და
ისინი მის წინააღმდეგ განხორციელებულ მიზანმიმართულ კამპანიაში
დაადანაშაულა.
გია გიგუაშვილმა აუზი 55 ათას ლარად 2007 წლის ივნისში შეიძინა. ამ
დროს ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლების ერთერთი პირველი პირი იყო. 2007
წლის სექტემბერში ირაკლი ოქრუაშვილი ,,ნაციონალურ მოძრაობას"
დაუპირისპირდა.
2008 წლის ივლისში კი, მაშინდელი პროკურორის დავით საყვარელიძისა და
გუბერნატორის ლადო ვარძელაშვილის დავალებით გია გიგუაშვილს
პროკურატურაში იბარებენ და ქონებას სახელმწიფოს სასარგებლოდ
ათმობინებენ.
საინტერესოა ის გარემოება, რომ თუკი 2007 წელს გია გიგუაშვილმა
დაახლოებით 55 ათას ლარად შეფასებული ქონება შეიძინა, ერთ წლის შემდეგ
აუდიტმა ამ აუზის ფასი 736 226 ლარად შეაფასა.
,,თავისუფალი დემოკრატების" წევრებს - დავით წეწვაძეს და თამარ
თედლიაშვილს აინტერესებთ, თუ როგორ შეიძინა ძვირადღირებული ქონება გია
გიგუაშვილმა 2007 წელს?
1997-2004 წლებში გორის საცურაო აუზი იჯარით იყო გაცემული. მოიჯარეებს
ოქრუაშვილის გუნდის წევრებმა 2004 წელს გორის მუნიციპალიტეტის
მაშინდელი გამგეობის სასარგებლოდ ქონება დაათმობინეს.
ოქრუაშვილის გუნდის წევრებმა კი 2007 წელს აუზი აუქზიონზე გაიტანეს.
აუზი, როგორც ვთქვით, ოქრუაშვილის მეგობარმა შეიძინა.
სტატიის გამოყენების პირობები