შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, გორში, შიდა ქართლის
პოლიციის დეპარტამენტში გასვლითი თათბირი ჩაატარა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამინისტროს
პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, მინისტრი დეპარტამენტის
თანამშრომლებს შეხვდა და რეგიონში არსებული ვითარების შესახებ
დეტალური ანგარიში ჩაიბარა.
,,შს მინისტრმა, ადგილობრივ სამართალდამცველებთან ერთად, პრობლემური
საკითხები, პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და მათ ახალი
დავალებები მისცა." - აღნიშნულია პრეს-სამსახურის განცხადებაში.
როგორც გიორგი მღებრიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, შინაგან საქმეთა
სამინისტრო კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს, რათა საკუთარი
მოქალაქეების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაიცვას.
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში შს მინისტრმა სამართალდამცველებს
სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
სტატიის გამოყენების პირობები