,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის
ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი ,,კულას" დირექტორის უკან ,,ქართული
ოცნების" ინტერესებს ხედავს.
ამის შესახებ ბადრი ბასიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი თქმით, მმართველი ,,ქართული ოცნების" გუნდის დავალებით
კომპანია ,,კულას" დირექტორი ივანე გოგლიძე ცდილობს მის ძმას
ალექსანდრე გოგლიძეს კანდიდატურის მოხსნა აიძულოს.
,,მანამდეც იყო პატარა მცდელობები, მიუხედავად ამისა, ალექსანდრე
გოგლიძე ჩვენი გუნდის წევრად რჩება და ის ქალაქ გორის
მაჟორიტარობისთვის ბრძოლას აგრძელებს. ერთი ძმა, ივანე გოგლიძე
,,ქართულ ოცნებაშია", ხოლო მეორე ძმა ,,ნაციონალურ მოძრაობაში".
,,ქართულმა ოცნებამ" თავი დაანებოს ზეწოლას და ჩვენს წინააღმდეგ
ბინძურ კამპანიას" - განაცხადა ბადრი ბასიშვილმა.
ბადრი ბასიშვილი კენჭს გორის რაიონში იყრის, ხოლო ალექსანდრე გოგლიძე
- ქალაქ გორში.
2016 წლის 10 აგვისტოს კომპანია ,,კულას" მფლობელმა ივანე გოგლიძემ
,,ნაციონალური მოძრაობის" ოფისის ფანჯრები ჩაამტვრია.
მხარეები კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებენ.
ივანე გოგლიძემ და მისმა კომპანიამ ,,კულამ" 2012 წლის შემდეგ
საქართველოს მთავრობისგან შეღავათიანი კრედიტი საწარმოს გაფართოების
მიზნით მიიღო.
2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებზე ,,ნაციონალური მოძრაობა"
მერობის კანდიდატად ვანო გოგლიძის ძმას ალექსანდრე გოგლიძეს
მოიაზრებდა, თუმცა, ეს გადაწყვეტილება მაშინ შეიცვალა. ცოტა ხანში,
,,კულას" შემოწმება შემოსავლების სამსახურმა დაიწყო.
2016 წელს ,,ნაციონალებმა" ქალაქ გორის მაჟორიტარად ალექსანდრე
გოგლიძე წამოაყენა.

სტატიის გამოყენების პირობები