ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა გორის მერმა ზურაბ
ჯირკველიშვილმა ერმილე მაღრაძის სახელოსნოში დაპატიჟა.
ტიხრული მინანქრის სახელოსნო სტუმარმა გორის ქალთა კამერული გუნდის
ხელმძღვანელთან თეონა ცირამუასთან და ამავე გუნდის მომღერალთან სოფო
მირუაშვილთან ერთად დაათვალიერა.
სახელოსნო გორის მერის ინიციატივით 2015 წლიდან სამხატვრო სკოლასთან
გაიხსნა.
პროექტის ფარგლებში საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ოსტატი ერმილე
მაღრაძე საკუთარ სახელოსნოში შეგირდებს ტიხრული მინანქრის დამუშავებას
შუასაუკუნეების საქართველოში არსებული ტექნოლოგიით ასწავლი.
სკოლა/სახელოსნო 3 წლის მანძილზე 6-7 კაციან ორ ჯგუფს გამოუშვებს.
სწავლის ხანგრძლივობა 2 წელია.
ტიხროვანი მინანქრის ხელოვნება ისტორიული წყაროების მიხედვით, ოქროს
დამუშავების სახეობაა, რომელიც დასაბამს II საუკუნიდან იღებს. იგი
გავრცელებული იყო საქართველოსა და ბიზანტიაში. XV საუკუნის შემდეგ
ტიხროვანი მინანქრის დამზადების ტექნოლოგია იკარგება და ამ ტექნიკით
შესრულებული ნივთები აღარ გვხვდება.
ჩვენამდე მოღწეული ტიხროვანი მინანქრის ნიმუშები ერმილე მაღრაძემ
შეისწავლა. ოცდაათწლიანი კვლევა-ძიების შედეგად მან აღადგინა
ისტორიული, მივიწყებული ტექნოლოგია და დღეს ამ სფეროს ერთ-ერთ
დიდოსტატად ითვლება.
გორში მყოფი ქეთი მელუა ქალთა კამერულ გუნდთან ერთად რეპეტიციებს
გადის. რეპეტიციების შემდეგ ოქტომბრიდან ქეთი მელუა და ქალთა კამერული
გუნდი ევროპის გარშემო საკონცერტო ტურნეს მოაწყობს.
სტატიის გამოყენების პირობები