გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლევან დარბაიძემ ბრალდებული
რამაზ ქოქოშვილი გაამართლა.
ამის შესახებ მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნებისას
განაცხადა.
მისი თქმით, მოშიმშილე პატიმრის მხარდამჭერების პროტესტი მის
წინააღმდეგ გაუგებარი იყო, რადგან საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ,
არავინ იცოდა.
ქოქოშვილს ბრალად პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა.
გამოძიებას მტკიცებულებად, მხოლოდ, მოწმე პოლიციელების ჩვენებები
ჰქონდა.
ყველაფერი 2016 წლის 2 ივნისს დაიწყო.
პროკურატურის მტკიცებით, გორის პოლიციის უფროსის მოადგილე ლომიძე
რესტორანში ცემეს. ჩატარებული ექსპერტიზის მიხედვით, სხეულზე მას
ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები დაუდგინდა.
ლომიძეს შეურაცხყოფა რესტორან ,,დარიალში" მიაყენეს. ის ნასვამ
მდგომარეობაში იმყოფებოდა, რომელსაც კონფლიქტი გვერდით მაგიდის სუფრის
წევრებთან მოუვიდა.
პროკურატურის მტკიცებით, პიროვნება, რომელმაც ლომიძე სცემა,
მიიმალა. ეჭვი გორში მცხოვრებ რამაზ ქოქოშვილს მიიტანეს.
კრიმინალური პოლიციის სხვა თანამშრომლებმა ქოქოშვილს და მის მეგობრებს
ქალაქის ქუჩებში დაუწყეს ძებნა. მათ შარტავას ქუჩაზე დაეწივნენ,
ჯერ სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ ქოქოშვილი დააკავეს.
რამაზ ქოქოშვილს წინასწარი პატიმრომა მიუსაჯეს. ამის შემდეგ
ბრალდებულმა საპატიმროში შიმშილობა დაიწყო. მას სოლიდარობა მეგობრებმა
და ახლობლებმა გამოუცხადეს, დაიწყო საპროტესტო აქციები, ჯერ მთავარ
პროკურატურასთან, შემდეგ - გორის სასამართლოსთან გაიმართა.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ქოქოშვილის ინტერესების
დამცველი ადვოკატი წინასწარი პატიმრობის შეცვლას გირაოთი ითხოვდა.
იმის გამო, რომ საქმეში შესაბამისი სამედიცინო დასკვნა არ იდო,
მოსამართლე პატიმრობას არ ცვლიდა.
ერთერთ სასამართლო პროცესზე დარბაზში ხმაური ატყდა და მხარდამჭერებმა
პროკურორის და მოსამართლის მიმართ აგრესია გამოხატეს. სასამართლოს
მიმართ გამოხატული უპატივცემულობის გამო, სამი პირი დააკავეს და
წინასწარი პატიმრობა შეუფარეს.
სტატიის გამოყენების პირობები