ახალი ამბები
საერთაშორისო კონფერენციაზე ორი საუკუნის წინ გამოცემული ქართულ-ოსური ,,ლოცვანი" წარადგინეს
ქართველმა ენათმეცნიერმა, ფილოლოგმა მზექალა შანიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს, ქართულ-ოსური ენებზე, ნუსხურ-ხუცური შრიფტით შესრულებული ,,ლოცვანი" წარუდგინა.

უნიკალური გამოცემა ქართველი მეცნიერის აკაკი შანიძის პირად ბიბლიოთეკაში ინახება და 1820 წელს თბილისში იოანე იალღუზიძის მიერ დაიბეჭდა.

ამ წიგნის ერთი ეგზემპლარი კი, საჯარო ბიბლიოთეკის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელუხლებელ ფონდში ინახება.

13 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები: ნართების ეპოსის კვლევის პრინციპები და მეთოდოლოგია.“

ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივების შესახებ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდმაც მიიღო.

ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაახლოებით, 2 წლის წინ შეიქმნა.

კონფერენციის მიზანი ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლის და თანამედროვე ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობაა.

ღონისძიებაზე განიხილეს ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეკონომიკა, კონფლიქტოლოგია, გენდერის კვლევები, ადამიანის უფლებები, ქართულ-ოსური ურთიერთობების ისტორია, თანამედროვე პრობლემები და მიგრაცია.

კონფერენციის გახსნას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სტუდენტები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები დაესწრნენ.

კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები