ახალი ამბები
გორში ,,აიპიების" დირექტორებმა გაფრთხილების წერილები მიიღეს
დღეს, ,,აიპიების" დირექტორებმა გორის მერიიდან გამაფრთხილებელი წერილები მიიღეს.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეტყობინებები 42-მა ხელმძღვანელმა მიიღო.

არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების (ააიპ) დირექტორებმა შეტყობინების მიღება ხვალ ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.

აღნიშნული წერილის მიხედვით:

,,გაცნობებთ, რომ დაწყებულია ააიპ-ის რეორგანიზაცია, შერწყმა, გაყოფა, რაც გამოიწვევს სამუშაო ძალის შტატების შემცირებას. საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის" საფუძველზე გატყობინებთ რეორგანიზაციიდან გამომდინარე საშტატო ერთეულების შესაძლო შემცირებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი თქვენი გათავისუფლების (ხელშეკრულების შეწყვეტის) შესახებ" - აღნიშნულია შეტყობინებაში.

2017 წლის 6 მარტს, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობის თანხმობით, მერიას, არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ ორგანიზაციებში, რეორგანიზაციის დაწყების ნებართვა მიეცა.

რეორგანიზაციის დაწყების საფუძვლად ,,მუნიციპალიტეტის ფინანსების ეკონომიურად და ეფექტურად ხარჯვის" მიზანია მითითებული.




Print

სტატიის გამოყენების პირობები