ჯგუფური ანგარიშსწორება, რომელიც გორში მსხვერპლით დასრულდა,
დასახლებულ პუნქტთან, კორპუსების სიახლოვეს 26 ივლისს მოხდა.
ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე, გორის მეხუთე საჯარო სკოლის შენობის
უკან, 20-მდე ახალგაზრდა ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა.
არაოფიციალური ინფორმაციით, სტუმართაგან სამი ახალგაზრდა იყო,
დანარჩენი ადგილობრივი - წმინდაწყლის დასახლებაში მცხოვრებლები.
,,არაფერი გაგვიგია, არაფერი ვიცით, ჩვენც დღეს გავიგეთ, რაც მოხდა" -
ასეთია ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის მცხოვრებთა პასუხები.
ფაქტის შესახებ ინფორმაცია ქუჩის შესასვლელში მდებარე მაღაზიის
თანამშრომლებმა პოლიციისგან შეიტყვეს. ,,პოლიცია რომ მოვიდა, უკვე
დაღამებული იყო. სათვალთვალო კამერის ჩანაწერები მოითხოვეს. მხოლოდ
მაშინ გავიგეთ, რომ ჩხუბი მომხდარა" - გვითხრეს მაღაზიის
თანამშრომლებმა.
ამ მაღაზიის ჩანაწერები მხოლოდ ქუჩაზე შესულ და ქუჩიდან გამოსულ
ადამიანებს აფიქსირებს.
არაფერი გაუგიათ გარემოვაჭრეებს, რომლებიც ასევე ქუჩის შესასვლელში
ხილ-ბოსტანს ჰყიდიან. ქუჩის დასასრულს კერძო, ერთსართულიანი ბარაკის
ტიპის დასახლება იწყება.
ჯგუფური დაპირისპირებისას 24-წლის ახალგაზრდა დაშავდა. მას
დაზიანებები თავის არეში ჰქონდა მიყენებული და საავადმყოფოში
გარდაიცვალა. ამის გამო, გორში მცხოვრები, 20-წლის ბიჭი
დააკავეს.
მისი ადვოკატი თეა კერესელიძე ამბობს, რომ ჟურნალისტებთან კომენტარის
გაკეთებას არ აპირებს: ,,მე გუშინ საღამოს ჩავერთე საქმეში, მანამდე
სახაზინო ადვოკატი ჰყავდათ. ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ,
რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი აღიარებს დანაშაულს" - გვითხრა თეა
კერესელიძემ. კონკრეტულად, რა ფაქტობრივ გარემოებებს აღიარებს
ბრალდებული, ადვოკატი არ ასაჯაროვებს.
ინფორმაციას არ ასაჯაროვებს გორის სასამართლოც. სასამართლომ 20-წლის
ბიჭს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ საღამოს, 27 ივლისს
შეუფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის თანაშემწემ, აღკვეთის
ღონისძიების შესახებ, მიღებული გადაწყვეტილების ასლის გაცემაზე
უარი გვითხრა - გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე.
არაოფიციალური ინფორმაციით, ახალგაზრდები სუფრაზე იმყოფებოდნენ და
კამათი მობილური ტელეფონის გამო დაიწყეს.
სტატიის გამოყენების პირობები