წიგნები, რომლებიც 9 წლის წინ, სპეციალურად მოწყობილ ხის თაროზე ეწყო,
დღეს ნახანძრალ ფანჯარაზე აწყვია. 2008 წლის აგვისტოში ისინი
სამხედროებს გაუტანიათ და ეზოში ძირს, ბალახზე მოუფენიათ.
სოფელში სამორიგეოდ მყოფი ჩეჩენი სამხედრო თავისუფალ დროს ამ წიგნებს
კითხულობდა. არჩევანი დიდი ჰქონდა. სახლის მეპატრონეს დაბრუნებისას
,,დედა ენის" პირველი გამოცემა დამწვარი დახვდა.
ლია ჩლაჩიძე ერგნეთში მას შემდეგ შევიდა, როდესაც რუსეთის
ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილება ოფიციალურად
გამოაცხადა. მათ ე.წ. ბუფერული ზონა 2008 წლის სექტემბრის ბოლომდე არ
მიუტოვებიათ.
,,როდესაც დავბრუნდით სოფელში, ჯერ კიდევ, საოკუპაციო ჯარი იდგა.
ეზოში ეს წიგნები ძირს იყო მოფენილი და ჩეჩენი ჯარისკაცი კითხულობდა.
კარგად მახსოვს, რუსულ ენაზე გამოცემული დიდი საბჭოთა ენციკლოპედია
ჰქონდა გადაშლილი და ათვალიერებდა. ის წიგნი შემდეგ ვეღარ ვიპოვე,
თუმცა, რაც გადარჩა გადავწყვიტეთ, რომ ამ მუზეუმში გამოგვეფინა" -
ამბობს ლია ჩლაჩიძე.
ლია ჩლაჩიძემ ერგნეთში ,,აგვისტოს მუზეუმი" საკუთარი სახლის პირველ
სართულზე გააკეთა. მის სანახავად ამერიკის ელჩი იან კელიც მივიდა.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მუზეუმის მოსაწყობად გარკვეული
დახმარება გაუწიეს. მუზეუმში ის ნივთებია გამოფენილი, რომელიც ომთან
ადამიანების ტრაგიკულ ისტორიებს აკავშირებს.
სტატიის გამოყენების პირობები