ახალი ამბები
გორის საახალწლო ნაძვის ხე 11 წლისაა
2017 წლის დეკემბერს გორის ნაძვის ხეს 11 წელი შეუსრულდა. ის 2006 წლის დეკემბერში შეიძინეს და მის შესახებ სტატია 2006 წლის 24-31 დეკემბრის ნომერში, გაზეთ ,,ქართლის ხმაში" გამოქვეყნდა.

სტატიის მიხედვით, იმ პერიოდში, ანალოგიური ნაძვის ხე თბილისის მერიამაც შეისყიდა.

მერია აცხადებდა, რომ ხელოვნური ნაძვის ხის შეძენა 140 000 ლარი დაჯდა. გორის გამგეობაში კი, აცხადებდნენ, რომ უკრაინაში 40 ათას დოლარად შეისყიდეს.

ამავე გაზეთის ცნობით, (რომელიც 11 წლის წინ, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის, www.qartli.ge-ის ბეჭდურ ვერსიას წარმოადგენდა,) ახალი, ხელოვნური ნაძვის ხე მთავარ მოედანზე დადგეს, სადაც ცოტა ხნით ადრე, ტროლეიბუსის ხაზები მოხსნეს და ვერცხლისფერი ნაძვები დაჭრეს.

ადგილობრივმა პრესამ, ,,ქართლის ხმამ" ნაძვის ხეს ,,თვითგადარჩენის ნაძვის ხე" უწოდა, რადგან ადგილობრივი მთავრობა (ოქრუაშვილის გუნდი) ცდილობდა თბილისის მთავრობასთან გაჯიბრებას.

თბილისის მთავრობასთან შეჯიბრების მიუხედავად, ახალი 2007 წელი, ფეხბედნიერი არ აღმოჩნდა იმ პერიოდის ადგილობრივი მმართველობისთვის.

2007 წლის სექტემბრიდან ყოფილი და მოქმედი გამგებლები (ვასილ მახარაშვილი და ნუკრი პაპუნაშვილი,) გუბერნატორი მიხეილ ქარელი და საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე დააკავეს, რაც მოგვიანებით, პოლიტიკურ დევნად შეფასდა.

ფოტოზე: ვასილ მახარაშვილი (გამგებელი); ნუკრი პაპუნაშვილი (საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე); მიხეილ ქარელი (გუბერნატორი) და ბადრი ნანეტაშვილი (ყოფილი პარლამენტარი)


Print

სტატიის გამოყენების პირობები