საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტომ 2 მლნ ლარი ჰაერის კონდიცირების საშუალებების
შესაძენად გამოყო. საქართველოს 21 საგამოცდო ცენტრში 900 ცალი
დამონტაჟდება.
ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი შალუტაშვილმა, თანხის
გადაუდებელი ხარჯვის შესახებ, წერილობით შესყიდვების სააგენტოს
აცნობა.
წერილის მიხედვით, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის
განვითარების სააგენტო 2 მლნ ლარად 900 კონდიციონერს 21 საგამოცდო
ცენტრისთვის შეიძენს:
,,დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად მაღალი
ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე -
იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე
არსებულის გამწვავებას და შესაძლოა გარდაცვალების მიზეზიც კი გახდეს.
სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის და ქრონიკული დაავადების
მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის
გახშირება და სუნთქვის გაუარესება. შესაბამისად, მაღალი ტემპერატურის
პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნით ადამიანის
ჯანმრთელობას შესაძლებელია სერიოზული საფრთხე დაემუქროს. იმის
გათვალისწინებით, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდისა და საერთო
სამაგისტრო გამოცდის ერთი სესია გრძელდება დაახლოებით 3-4 საათი და
მნიშვნელოვანია დაცული იქნას გამოცდაზე გასული ადამიანების სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის უსაფრთხოება, საგამოცდო ცენტრებში საჭიროა
დამონტაჟდეს ჰაერის კონდიცირების საშუალებები." - აღნიშნულია
წერილში.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 ივნისის სხდომის N19 ოქმის
თანხმად (ქვეყანაში მოსალოდნელი ტემპერატურის მატების გამო) 2018 წლის
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდების
ჩატარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს დაევალა საგამოცდო ცენტრების ჰაერის კონდიცირების
საშუალებებით უზრუნველყოფა საგამოცდო ცენტრების ინფრასტრუქტურული
მდგომარეობის გათვალისწინებით. შესაბამისად, ღონისძიება ითვალისწინებს
საგამოცდო ცენტრებისთვის ჰაერის კონდიცირების საშუალებების შესყიდვას
თანმდევი მონტაჟით.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი 2018 წლის 26 ივნისს
წერდა,
რომ გორის საგამოცდო ცენტრში (რომელიც ერთ-ერთია საგამოცდო ცენტრებს
შორის), ჰაერის კონდიცირების სისტემა არ იყო
დამონტაჟებული.
29 ივნისს მთავრობის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება კონდიცირების
საშუალების შეძენასთან დაკავშირებით. იმავე დღეს, გამოცდების ეროვნულ
ცენტრში აღნიშნეს,
რომ 2-3 ივლისის გამოცდები (მეორე სესია) გადატანილ იქნებოდა 4-5
ივლისისთვის.

სტატიის გამოყენების პირობები