რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
კეხვიდან დევნილი კოტეჯებში წმ. გიორგის ეკლესიას აშენებს
თითქმის ყველა სოფელში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დატოვეს, წმინდა გიორგის ეკლესიაა. ამჟამად მეტეხის დასახლებაში ცხოვრობენ და წინაპართა სალოცავებში ვეღარ მიდიან. ერთმანეთის გვერდით აღმოჩნდნენ დიდი და პატარა ლიახვის სოფლებიდან დევნილები. კოტეჯებში ქემერტის, აჩაბეთის, ჭარების, ერედვის, ძარწემის და ა.შ სოფლებიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან.

კეხვიდან დევნილმა ხვიჩა ნებიერიძემ ორი თვის წინ, დასახლების წინ, ეკლესიის აშენება გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ გარშემო სოფლებში - მეტეხსა და გომში უძველესი, თანაც დიდი ტაძრები დგას, ცხინვალის რეგიონიდან დევნილმა მცირე ზომის ტაძრის აგება კოტეჯებში მაინც გადაწყვიტა. წამოწყებას ყველამ მხარი აუბა.

დევნილი მამაკაცების შრომა მეზობელი, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლების მეტეხელებისა და გომელებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მეტეხის ტაძრიდან ხატები მიუტანეს. სალოცავის გახსნამდე ადმინისტრაციულ შენობაში ინახება. ასევე, გომელებმა ხის ბოძები გაუგზავნეს,- ეკლესიის წინ, მაგიდას და სკამებს სახურავს გაუკეთებენ.



,,გამვლელ-გამომვლელი გვლოცავდა. ხან რას მიაშველებდნენ ბიჭებს, ხან რას. ხილიც კი მოჰქონდათ“ - იხსენებენ დევნილები. 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, ტაძარი საზეიმოდ გაიხსნება.

ხვიჩა ნებიერიძე დასახლებაში არ დაგვხვდა. ის სამშენებლო მასალების მოსატანად იყო წასული. დედამისმა, ელისაბედ ნებიერიძემ გაიხსენა 8 წლის წიანდელი ამბავი, როდესაც ხეობის დატოვებიდან ორი წელი იყო გასულიყო:

,,როცა ხეობიდან წამოვედით, ორი წლის შემდეგ, ინფარქტი მივიღე. სახლში მარტო ვიყავი. ძლივს გავედი მეზობლად და ნარგიზასთან კარებზე დავაკაკუნე. დავაკაკუნე და უგონოდ ძირს დავეცი. ნარგიზამ დროულად გაიგო ჩემი ხმა. გამოვიდნენ მეზობლები, გამოუძახეს სასწრაფოს და წამიყვანეს ჯერ კასპში, შემდეგ თბილისში. კასპის ექიმებმა დროული დახმარება აღმომიჩინეს. თბილისში ოპერაცია დამჭირდა. ასე გადავრჩი ამ ხალხის წყალობით. და ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემი შვილი ამ ხალხს ეკლესიას როგორ არ აუშენებდა?“ - ამბობს ელისაბედ ნებიერიძე, ხვიჩა ნებიერიძის დედა.




ფოტოზე: წინა პლანზე სულხან კასრაძე, ქემერტიდან დევნილი

ეკლესიის ეზოში მაგიდა უკვე გაწყობილია. ქემერტიდან (დიდი ლიახვის ხეობა) დევნილი სულხან კასრაძე უკვე სათამადოდ ემზადება. ის დასახლებაში ამ პატივით დიდი ხანია სარგებლობს. ამბობს, რომ საოცრად დიდებული განწყობით ხვდებიან-ხოლმე დევნილები დღესასწაულებს:

,,აქ უკვე ჩვენი კერა გვექნება, სადაც შევძლებთ, ის ტრადიციები აღვადგინოთ, რაც ხეობაში გვქონდა. თქვენც ნახავთ, როგორ იდეალური წესრიგი იქნება სადღესასწაულო დღეებში, ზედმეტს არავინ იკადრებს. 23 ნოემბერს ვაკურთხებთ ეკლესიას. კიდევ ერთხელ შევიკრიბებით ხოლმე“ - ამბობს სულხან კასრაძე.

ნარგიზა რაზმაძე სოფელ ჭარებიდანაა (პატარა ლიახვის ხეობა). 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებისას, სოფლის მოსახლეობა წმინდა გიორგის ეკლესიისკენ გაიქცა
.



ფოტოზე: ჭარებიდან დევნილი ნარგიზა რაზმაძე

,,დიდი და პატარა იქ გაიქცა. სოფელი რომ იბომბებოდა, იმ ადგილს ერთი ბომბიც არ ჩამოვარდნილა. ფაქტობრივად, წმინდა გიორგის ძალამ და ეკლესიამ გადაარჩინა ჩემი სოფლელები, - თანაც ახალგაზრდები, - დაღუპვას“ - ამბობს ნარგიზა რაზმაძე.

შორენა ჭოველიძე ძარწემში დაიბადა და აჩაბეთში დაოჯახდა. ეს ორივე სოფელი დღეს ოკუპირებულია და მიწასთან გასწორებული. იხსენებს, მისმა ძმამ როგორ შესწირა ხატი წმინდა გიორგის ეკლესიაში და შვილის გადარჩენა შესთხოვა. ,,ჩვენ მაშინ წმინდა გიორგიმ გვიშველა."

,,იქ ვერ მივდივართ ჩვენს სალოცავებში და აქ მაინც გვქონდეს,“ - ვერ მოერია ცრემლებს ტასიკო გაბარაშვილი, იგი ქემერტიდან დევნილია. ვერ წარმოედგინა, თუკი ოდესმე ქართველი და ოსი ერთმანეთს დაუპირისპირდებოდა. ,,ომი თუ ვიღაცას უნდოდა, ჩვენ, უბრალო ხალხს არ გვინდოდა. იცი, რა კარგები არიან ოსებიც? ცუდი და კარგი ყველგანაა.“ - ამბობს ტასიკო გაბარაშვილი




ფოტოზე: ქემერტიდან დევნილი ტასიკო გაბარაშვილი და კეხვიდან დევნილი ელისაბედ ნებიერიძე

10-წლიან დევნილობის შემდეგ, დასახლებაში ცხოვრება იცვლება. იზრდება ახალი თაობა. ოჯახები გამრავლდა. გაჩნდა ახალი მოთხოვნილებები, სკოლა, საბავშვო ბაღი, გზა, ბუნებრივი აირი. აქ ჯერ კიდევ მოხრეშილი გზაა, რომლის მტვერი მოსახლეობას აწუხებს და ბაღებისკენ ვრცელდება. ბუნებრივი აირი სახლებში არაა შეყვანილი.

,,ჩვენი სახლი ისეთ საოცარ ადგილას იდგა კეხვში, სამოთხე იყო პირდაპირ. ლიახვის პირზე. საოცარი ჰაერი, ბუნება, წყალი. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ თითო სოფლის ხალხი ცალ-ცალკე დაანაწილეს. კეხველებიდან ზოგი გორში ცხოვრობს, ზოგი - წეროვანში. როცა გავიგებთ-ხოლმე, რომ ვინმე გარდაიცვალა, ამ ჭირის დროს თუ ვხვდებით ერთმანეთს. არც ჩვენი მომავალი თაობა დაკარგავს ერთმანეთს. ღმერთმა ქნას, მალე დავბრუნდეთ ჩვენს მიწაზე. იქაც თუ ხელის შევლება დაჭირდება ჩვენ სალოცავებს, აუცილებლად მიხედავს ჩვენი ხალხი,“ - ამბობს ელისაბედ ნებიერიძე.





ფოტოზე: კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხთან მდებარე დევნილთა დასახლება

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან,
მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო.
09:00 / 29.11.2024
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების
შტაბთან გადაინაცვლა.
მსვლელობა ადმინისტრაციული შენობიდან დაიწყო და ქართული ოცნების შტაბთან გადაინაცვლა.
23:51 / 28.11.2024
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.