ახალი ამბები
საქონლის ძებნა გამყოფ ხაზზე
ეს ფოტო და ვიდეო საქართველოს ცენტრალური არხების ჟურნალისტებმა შემთხვევით გადაიღეს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯარიაშენელი მოხუცი მოქალაქე ძროხას ეძებს, ხოლო ძებნაში ხელს ახლადგავლებული გამყოფი ხაზი უშლის.

სინამდვილეში მედიის ობიექტივში მოხვედრი ქალი ოსური სოფლიდან, ზემო არცევიდანაა.

ეს ყველაფერი მაშინ მოხდა, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა ჯარიაშენსა და ზემო არცევს შორის ტრაქტორით გზა გაიყვანეს.

როგორც ერგნეთში გამართული მოლაპარაკების დროს ოსური მხარის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა განაცხადა, გათხრილი გზა ხანძარსაწინააღმდეგო ზოლს წარმოადგენს.

ხანძარსაწინააღმდეგო ზოლის გადაღებისას მედიის ყურადღების ქვეშ, სწორედ, საქონლის საძებნად გასული მოქალაქე მოექცა.

ერთ მხარეს ჟურნალისტები, მეორე მხარეს კი, ზემო არცეველი მოხუცი იდგა.

როგორც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა გაარკვიეს, მოხუცი დაკარგულ საქონელს ეძებდა.

ჯარიაშენი საქართველოს კონროლირებულ ტერიტორიაზეა, ხოლო ზემო არცევი - დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ქართულ და ოსურ სოფლებს ამჟამად ეს გამყოფი ხაზი გაივლო.

ჯარიაშენელები ამბობენ, რომ ორ სოფელს შორის ურთიერთობა გრძელდება, ოღონდ, ამ შემთხვევაში მათ საქონელი აერთიანებს.

თუკი ჯარიაშენელების საქონელი ზემო არცევისკენ გადავა, ზემო არცეველები უკან აბრუნებენ. ასე ხდება პირიქითაც.


Print

სტატიის გამოყენების პირობები