დვანის ხიდის სასამართლო - ვის ურიგდება ქარელის გამგეობა
23:24 / 24.03.2016
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის ხიდის თაობაზე სასამართლო
პროცესი გაიმართა.
გადაწყვეტილება 2016 წლის იანვარში გამოვიდა, ხოლო მისი აღსრულება ამ
დრომდე არ ხერხდება.
გამგეობა სამშენებლო კომპანიისგან, რომლის ხელმძღვანელის მიმართ
სისხლის სამართლის საქმე ჯერ კიდევ 2014 წელს აღიძრა და ის
დააპატიმრეს კიდეც, ხიდის შეკეთებას ელოდება.
საქმე იმაშია, რომ ხიდის რეაბილიტაცია 2014 წელს განხორციელდა, თუმცა,
მალევე დაზიანდა.
ყოველდღიურად არსებობს იმის საშიშროება, რომ მანქანა ჩავარდეს.
მერი არხოშაშვილი: ქარელის გამგებლის მოადგილე: ,,2014 წელს ქარელის
მუნიციპალიტეტის გამგეობამ დაზიანებული ხიდი აღადგინა ტენდერში
გამარჯვებული კომპანია ,,ენ ჯი ენ“-ის მეშვეობით, ხელმძღვანელი ნოდარ
ჯიშკარიანი. ღირებულებით 8 928 ლარი. მოგვიანებით, რამდნიმე თვის
შემდეგ ხიდი დაზიანდა, რის შემდეგაც კომპანიას აღდგენის თაობაზე
მიემართა. როგორც გაირკვა, აღნიშნული ხიდი მაღალი გამავლობის
მანქანების მოძრაობის შედეგად დაზიანდა“
დაზიანების აღდგენის თაობაზე გამგეობამ კომპანიას განმეორებით
მიმართა, შემდეგ უკვე სასამართლოში უჩივლა. კომპანიის წარმომადგენლები
ვერც ჩივილმა შეაშინა და ხიდი კვლავ შესაკეთებელი დარჩა.
გამგეობის იურიდიული სამსახური იძულებული გახდა პროცესი სასამართლოს
განჩინების საფუძველზე მორიგების გზით დაემთავრებინა.
,,მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე წავედით მორიგების გზით,
რათა დროულად აღდგენილიყო იყო" - განმარტავს გამგებლის მოადგილე.
მორიგების აქტის მიხედვით, სამშენებლო მასალა გამგეობამ შეიძინა,
კერძოდ, როგორც ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენელი გია მსხალაძე
გვიხსნის, უფრო დიდი სისქის მასალა შეიძინეს, ხოლო ხიდის დემონტაჟი და
შემდეგ ახალი მასალების მონტაჟი კომპანიას უნდა გაკეთებინა.
,,აღნიშნულ კომპანიას სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა ხიდის
დაზიანებული ნაწილის დემონტაჟი და ახალი სავალი ნაწილის მოწყობა. ჩვენ
შევიძინეთ მასალები და კომპანია ვალდებული იყო ამ მასალებით ხიდი
აღედგინა“ - ამბობს გია მსხალაძე.
მერი არხოშაშვილი: ,,კომპანია გვპირდებოდა, რომ სამუშაოებს ერთ
კვირაში დაიწყებდა, თუმცა არ დაიწყო სამუშაოები. აქედან გამომდინარე,
გამგეობამ კვლავ მიმართა სასამართლოს, 15 დღიანი გაფრთხილების შემდეგ
სააღსრულებლო ფურცლის მოთხოვნით“
ლელა კოპაძე: ,,კიდევ კარგი სოფელში პატარა სხვა ხიდი არსებობს, თორემ
რა გვეშველებოდა“
მერი არხოშაშვილი: ,,სასამართლომ განჩინება 2016 წლის იანვარში
გამოიტანა. 7 მარტს კომპანიას გაფრთხილების წერილით მივმართეთ. გავიდა
გაფრთხილების ვადაც და ამჯერად აღსრულებას ვითხოვთ სასამართლოს
ძალით“
ახალი მასალების შეძენა გამგეობას 7 ათას ლარამდე დაუჯდა. 2014 წელს
კი, მისი რეაბილიტაცია 8 928 ლარი დაუჯდა.
რაც შეეხება ნოდარ ჯიშკარიანს, რომელთანაც გამგეობას დავა აქვს, მის
შესახებ შემოსავლების სამსახურმა ორი წლის ასეთი ინფორმაცია
გაავრცელა:
,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის
ცნობით, 2014 წლის 12 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სახელმწიფო თანხების
მითვისების და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების
ფაქტზე, სამშენებლო კომპანია „ოდას“ დირექტორი ნოდარ ჯიშკარიანი
დააკავეს, ხოლო სამსახურეობრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით, გორის
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის, ინფრასტრუქტურის და
ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების უფროსი, ამავე განყოფილების
უფროსი სპეციალისტები იქნენ დაკავებულნი.
მაშინდელი გამოძიების მიხედვით, 2012 წელს, გორის მუნიციპალიტეტსა და
შპს „ოდას“ შორის, გორის რაიონში სამშენებლო-სარეაბილიტაციო
სამუშაოებთან დაკავშირებით. ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული
სამუშაოების მიმდინარეობისას შპს „ოდა“-ს დირექტორმა ნოდარ
ჯიშკარიანმა საგადასახადო დოკუმენტების გაყალბებისა და გამოყენების
გზით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხები
მიითვისა.
გამოძიების ცნობითვე, გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის და
ტერიტორიის კეთილმოწყობის განყოფილების თანამშრომლებმა არა ჯეროვნად
შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობები, არ შეამოწმეს ხელშეკრულებით
გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, რითაც ხელი შეუწყვეს ნოდარ
ჯიშკარიანის დანაშაულებრივ ქმედებას."
ამჟამად, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას სხვა სახელწოდების
კომპანიასთან აქვს ურთიერთობა, რომელსაც ნოდარ ჯიშკარიანი
ხელმძღვანელობს.
სტატიის გამოყენების პირობები