ახალი ამბები
ოქრუაშვილს სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს
გორის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველს ირაკლი ოქრუაშვილს საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს.

ამის ამსახველი ვიდეომასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა გადაიღო.

,,ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა შესვენება მოითხოვა და სხდომა დატოვა. მას ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მინდია გოდერძიშვილი მიყვა. ,,თავისუფალმა დემოკრატებმა" მოვაჭრეებს მიმართეს, რომ სწორედ კამერების წინ გამოსაჩენად მივიდა ოქრუაშვილი.

ოქრუაშვილი საკრებულოს წევრების გასაგონად განცხადების გაკეთებას აპირებდა.

თუმცა მისმა თხოვნამ და თანაგუნდელის მოწოდებამ სიმშვიდის დაცვისკენ შედეგი არ გამოიღო.

ოქრუაშვილმა განცხადება შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარისთვის უნდოდა ერჩია, რომ ლომჭაბუკის ტერიტორიაზე აგრარული ბაზრის განთავსების საკითხი დროებით გადაედო.

ოქრუაშვილის გუნდის წევრებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ გაამჟღავნეს, როდესაც საკრებულოს სხდომაზე ,,თავისუფალმა დემოკრატებმა"; ,,ნაციონალურმა მოძრაობამ"; ,,ლეიბორისტულმა პარტიამ" და ,,ქართული ოცნებიდან" ვანო ჩხიკვაძემ ინიციატივის წინააღმდეგ განცხადებები გააკეთეს. საკრებულოს სხდომას არ ესწრებოდა ,,ეროვნული ფორუმის" წარმომადგენელი პაპუნა კობერიძე, რომელიც ასევე წინააღმდეგი იყო ოქრუაშვილის ინიციატივის. ალტერნატიულ წინადადებაზე ისაუბრა ,,რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა დავით რაზმაძემ.

ოქრუაშვილმა ჟურნალსტებთან თქვა, რომ საკითხს მომავალში მაინც შემოიტანს, ოღონდ, გარკვეული ცვლილებებით. მან ქალაქის მერს ,,იურიული პერიოდის გადმონაშთის დინოზავრი" უწოდა.

მისი თქმით, ქალაქის მერის კისერზე დამოკლეს მახვილი კიდია, რომელიც ეს მახვილივე მას გაუგორებს თავს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები