გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში მცხოვრებ ნორა მჭედლიძეს
სოციალურად დაუცველის სტატუსის მისაღებად ერთი ქულა დააკლდა.
ამის შესახებ 84 წლის მჭედლიძემ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის
ჟურნალისტებს, სოფელში რეპორტაჟის მომზადების დროს, განუცხადა.
მისი თქმით, სოციალური სააგენტოს წარმომადგენლებმა მისი საცხოვრებელი
სახლის მდგომარეობა შეამოწმეს, ხოლო, მას შემდეგ, რაც ქულები
დაითვალეს, შესაბამის სარეიტინგო დონეს ერთი ქულა დააკლდა.
ნორა მჭედლიძე: "84 წლის ვარ, შვილო. მართალია, შვილები მყავს, მაგრამ
არც ერთი არ მყავს სახლში, ერთი აქ სოფელში ცხოვრობს, ზევით უბანში,
გაჭირვებულია, არც სამსახური აქვს და არც არაფერი. ორნი რუსეთში არიან
და ასავალ-დასავალი არ ვიცი იმათი, დაკარგულებივით არიან, ერთიც
თბილიშია, იმანაც რა ქნას, იქ ისწავლა, იქ დაამთავრა უმაღლესი და იქ
დაიწყო ცხოვრება. თავისი თავი აქვს შესანახი. ამ პირობებში ვცხოვრობ.
სოციალურ დახმარებას არ ვიცი, რატომ არ მაძლევენ, რა თვალზე
დამინახეს. ერთი ქულით მეტი გაქვსო, რა არი ქულა, რა ოხრობაა. ეს ჩემი
პენსია არ მადგება, წამლებში არ მყოფნის და, სოციალურს მე რატომ არ
მაძლევენ, საკვირველია. რაც მე უბედურება ვნახე, ღმერთმა არავის არ
აჩვენოს. მეჯვარე მყავდა ოსი, ცხინვალელი, გაბარაევი. ჩემი დიდი ბიჭი
და პატარა ბიჭი იმის მონათლულები არიან. ურთიერთობა დაცკარგეთ ომის
შემდეგ."
სტატიის გამოყენების პირობები