გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ტირიფონის არხიდან წყალი უკვე
მოდის.
ამ არხით
როგორც ქართული სოფლები, ასევე ოსური სოფლებიც სარგებლობს.
მდინარე ლიახვიდან მომავალი წყალი როგორც ქართულ, ასევე
ოსურ სოფლებზე გადის.
ერგნეთიდან ორჭოსნამდე მიმავალი წყალი შემდეგ ნადარბაზევის
წყალსაცავში იქაჩება და გროვდება.
ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ მაისის შემდეგ, რწყვის სეზონზე
ნადარბაზევიდან დაშვებული წყალიც შეეშველება არხის წყალს.
საგულისხმოა, რომ ადგილობრივ მცხოვრებლებს პოლიციის თანამშრომლები,
არხის შესახებ საუბარს უკრძალავენ.
ერგნეთის 66-ე შეხვედრაზე ოსური მხარის წარმომადგენელმა დავით
სანაკოევმა ტირიფონის არხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ არხის
ამოქმედება ორივე მხარის ინტერესში შედის.
ხურვალეთელები ამბობენ, რომ მეზობელ ოსურ სოფელ წინაგარაში მიმდინარე
გაზაფხულზე, თითქმის 4 წლის განმავლობაში გაუწმენდავი არხი
გაასუფთავეს. სანაკოევის ინფორმაციით, ჯერ კიდევ დარჩენილია ადგილები,
სადაც არხი გასაწმენდია.
თამაზ მჭედლიძე მუნიციპალიტეტის გამგეობაში მუშაობს, ის ხურვალეთში
ცხოვრობს და დეტალურად გვიყვება ჩვენს მიერ გადაღებული არხის
შესახებ.
,,ეს წყალი მდინარე ლიახვიდან მოდის, სათავეს ერგნეთიდან იღებს,
გამოივლის როგორც ქართულ სოფლებს, ასევე ოსურსაც, მაგალითად, ზემო
არცევს. შემდეგ ისევ მეჯვრისხევის გავლით ჩამოდის ჩვენამდე. ჩვენს
მერე ორჭოსნის მინდვრებია. შარშან ცოტა წყალი იყო გამოშვებული, მაგრამ
წელს არხში, ნახეთ რომ ბევრი წყალია" - აცხადებს თამაზ მჭედლიძე.
ნადარბაზევის წყალსაცავში არხიდან წყალი უკვე იქაჩება. თამაზ
მჭედლიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს წყალსაცავში იმდენი წყალი
დაგროვდება, რომელიც ხურვალეთისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას
სარწყავად 2 წელი ეყოფა.
სტატიის გამოყენების პირობები