გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში სასმელი წყლისა და
ბუნებრივი აირის საკითხი მოგვარებულია.
სარწყავი წყალი კი, ამ დრომდე, არ მიეწოდებათ. ამის გამო, მოსავლის
მოყვანა ადგილობრივებს უჭირთ.
მისასვლელი გზაც სავალალო მდგომარეობაშია.
,,გზა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, სულ დათხრილია. ტრანსპორტს უჭირს ამ
გზებზე სიარული, დიდ დროსაც ანდომებენ. გორიდან როდესაც ტაქსით
მგზავრობა გვინდა, მძღოლებს ეზარებათ წამოსვლა. ამას მაშინ აკეთებენ,
როდესაც ჩვენი სოფლის სახელს გაიგებენ." - გვეუბნება ადგილობრივი
მკვიდრი ჟუჟუნა ბეღელური.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ნაკვეთების დიდი ნაწილი ოკუპირებულ
ტერიტორიაზე მოხვდა. საძოვრების გარეშე დარჩენილმა მოსახლეობამ
ნახევარზე მეტი საქონელი გაყიდა.
,,გასული წლის ივნისის თვეში ბანერი გადმოწიეს რუსებმა. მე თვითონ
დავკარგე საკარმიდამო ნაკვეთბი. მაშინ რუსებმა ერთ კვირიანი ვადა
მოგვცეს იმისათვის, რომ ნაკვეთებიდან ქონება გაგვეტანა. ვაშლის ხეები
მოვჭერი, შეშად მაინც გამომადგებოდა" - ამბობს ამირან შავაძე.
ადგილობრივი მერაბ შავაძე ყურადღებას სარწყავ წყალზე ამახვილებს:
,,პრობლემა არის სარწყავი წყლის, სარწყავი წყალი არ არის. ამიტომაც
მოსავალიც ნაკლებია. ქერის და ხორბლის ფართობებს უკავია თითქმის
85-90% რაც ყველაზე დაბალი შემოსავლიანია.“ - აცხადებს იგი.
ამირან შავაძე ფიქრობს, რომ მოსახლეობისთვის დასაქმების საკითხია
უმთავრესი:
,, მოსახლეობის და ახალგაზრდების უმრავლესობა თურქეთშია წასული
სამუშაოდ. რაღაცა ,,კაპიკები“ გამოიტანოს იქიდან."
ჟუჟუნა ბეღელურის თქმით, სოფელში ორმოცდაათამდე კომლი ცხოვრობს.
შერეულ სოფელში ეკომიგრანტი აჭარელები და მაჰმადიანი ქართველებიც
ცხოვრობენ.
სტატიის გამოყენების პირობები