Статьятæ
"Æскъола куы фæдæн, раст йеуæд уыдис демократийы
05:04 / 19.08.2022
Хъæуы астæу æввахсæй-æввахсмæ æппæт хъæуы
16:48 / 11.11.2022
Земфирæ, Зинæ æмæ Изо уыцы рæстæджы райгуырдысты, кæд Бордзомæй Гудзаргоммæ
16:55 / 13.11.2022
Сæрды ам уæ бон нæ æсуыдзæн равзарат чи бынæттон
23:29 / 20.11.2022
Турманты Валийайы хæдзар Суканатубаны хъæуы къуымтæй сæ рæсугъддæр
02:10 / 26.11.2022
Къæлиндар
ახალი ამბები
ლეთეთელი დები – ვენერა და სირანა გაგლოშვილები


,,ნიღაბი რად გიკეთიათ, ჩვენთან კორონა რომ არაა?!’’ - გვითხრა სირანა გაგლოშვილმა, როცა მისი პატარა სახლის ქუჩაზე მიმავლები დაგვინახა. მანამდე, ძაღლი გამოგვეგება ყეფით. სწორედ, ძაღლის ყეფით მიხვდნენ, რომ სოფელში სტუმრები გამოჩნდნენ.

სირანას შემდეგ, ეზოდან მისი უმცროსი და, ვენერა გაგლოშვილი გამოვიდა. ,,ჟურნალისტები არიანო’’ - ოსურად უთხრა დას და ჩვენი თავი თავადვე გააცნო.

,,არ დამთავრა ეს კორონა, კაცო? როდემდე უნდა გაგრძელდეს? ქარელში ისევ აჯარამებენ, ვინც ნიღბის გარეშე დადის?’’ - იკითხა ვენერამ. გაიხსენა ის დღე, როცა პენსიის ასაღებად ქარელში იყო ჩასული და ქუჩაში ხალხს პოლიციელები ნიღბის გაკეთებისკენ მოუწოდებდნენ.

,,წავედი მერე ზინასთან (აფთიაქში) და იქ ვიყიდე ნიღბები. ეხლაც ჩანთაში მიწყვია. რა ვიცი, როდის მომიწევს ჩასვლა ქარელში, იყოს მაინც!’’ - გვითხრა ვენერამ, რომელიც უკვე 80 წლისაა.

ვენერა უმცროსი დაა. ის 1941 წელს დაიბადა. ეს ის დროა, როცა მამა მეორე მსოფლიოში ომში წაიყვანეს და რამდენიმე თვეში ვენერაც დაიბადა.

,,სულ 6 დანი ვიყავით. მამაჩემი რომ ომში წავიდა, მე მაშინ დავიბადე. ძალიან გაჭირვებით გაგვზარდა დედამ’’ - იხსენებს ვენერა გაგლოშვილი.



ჩვენი საუბარი დებთან იმით დაიწყო, რომ სადღაც 70-იან წლებში, ომში დაკარგული მამის, არჩილ გაგლოევის ნეშტი უკრაინიდან სოფელში ჩამოასვენეს. დების ცხოვრებაში ეს ამბავი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა.

,,მოულოდნელად უკრაინის ქალაქ ხარკოვიდან მოვიდა წერილი, რომ საქართველოში არჩილ გაგლოევს თუ ვინმე ჰყავს დარჩენილიო, ნეშტი გადაასვენონო. ჩვენი სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე ამ ამბავში მაგრად ამოგვიდგა მხარში. უკრაინიდან გადმოასვენეს მამაჩემი, ორ სოფელში (ზემო და ქვემო ლეთეთი – ავტ) ხარები დაკლეს და დიდი სუფრა გაშალეს. მას მერე მამა აქ მარხია ჩვენთან.“ - ამბობს სირანა გაგლოშვილი.

ოჯახში დედა 6 დას ზრდიდა. ცოცხალი ამჟამად 2 დაა:

,,მამაჩემი ჯარში რომ მიჰყავდათ, 3 დღე გორში იყვნენ გაჩერებულები. დედაჩემი ყოველდღე აქედან გორში ფეხით მიდიოდა. ნახულობდა მამას და მერე უკან ბრუნდებოდა. წავიდა ომში და დაიაკარგა. სულ ელოდებოდა დედა, რომ მამა დაბრუნდებოდა, მაგრამ არ გამოჩნდა. მთელი ცხოვრება წვალებაში გაატარა დედამ“ - იხსენებს სირანა გაგლოშვილი.

ვიდრე პატარები გაიზრდებოდნენ, მთელი შრომა დედის კისერზე იყო. 4 კლასის შემდეგ, პატარები სასწავლებლად, მეზობელ სოფელ ქვემო ლეთეთში მიდიოდნენ, იქიდანაც ფეხით ბრუნდებოდნენ:

,,რომ მოვდიოდი ხოლმე სკოლიდან, ეს მუხლები და ფეხები სულ გაყინული მქონდა. დამსვავდა და თავის თბილი ხელებით დამიზელდა ხოლმე და გამათბობდა. პურს რომ გამოაცხობდა, 6 ნაჭრად დაჭრიდა და დებს გვინაწილებდა. ჯერ თქვენ ჭამეთო“ - ამბობს ვენერა გაგლოშვილი.



გადიოდა წლები და ოჯახი, მამაკაცის გარეშე, ცხოვრებას შეეჩვია. ბავშვებიც გაიზარდნენ და შრომაში დედასაც ეხმარებოდნენ. სკოლის დამთავრების დროს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების საკითხი დადგა:

,,სულ ხუთოსანი ვიყავი. ჩვენი სკოლის დირექტორი იყო ვალიშვილი. შეგვაწუხე ვენერაო და დაგეხმარებით სწავლის გაგრძელებაშიო. აუცილებლად ჩააბარე უმაღლეს სასწავლებელშიო, მაგრამ როგორ უნდა წავსულიყავი ქალაქში? რითი მეცხოვრა ასე გაჭირვებულს. დავიწყე მუშაობა მკერავად ქარელში, ადგილმრეწველობის ქარხანაში. ეს ქარელის შესასვლელში იყო. იქ თითქმის 25 წელი ვიმუშავე. სოფლიდან დავდიოდი ფეხით. ისეთი სახელოვანი ვიყავი, გაზეთებშიც კი მაქვეყნებდნენ. ჩემ გვერდით ვინც იჯდა, მე და ის სულ გაზეთებში ვიყავით.“ - იხსენებს ვენერა გაგლოშვილი.

თავის ახალგაზრდობის წლებს სიამაყით იხსენებს სირანა გაგლოშვილიც. ის დღემდე წუხს, რომ უცხო ენის სპეციალისტი, გერმანულის განხრით, არ გახდა.

,,ძალიან ძლიერი ვიყავი გერმანულში. სულ სხაპა-სხუპით ვლაპარაკობდი გერმანულად. ეხლაც ვნანობ, რომ არ გავაგრძელე სწავლა. სად დაიკარგა ჩემი 5-იანი, ზინა მეტრეველმა რომ დამიწერა? რაც მე მიტირია, იმდენი სიხარული თქვენ. სკოლის დამთავრების შემდეგ დავიწყე მუშაობა ხილის დამზადებაში, საკონსერვო ქარხანაში. დავდიოდი ხოლმე ვაშლის კრეფაზე. რამ წამიყვანა იმ სიცივეში ვაშლის კრეფაზე? ცხინვალში მივყავდით ხოლმე და იქ გავცივდი. ისე ცუდად ვიყავი, რომ არც ეგონათ რომ გადავრჩებოდი.“ - ამბობს სირანა გაგლოშვილი.



1990 წლამდე მათი ცხოვრება ერთი შეხედვით ბედნიერად გრძელდებოდა, ჰქონდათ სამუშაო და გაჭირვების წლებს თავს ნელ-ნელა აღწევდნენ, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ცხოვრება კვლავ გართულდა. მათი თანასოფლელები ჩრდილოეთ ოსეთში გადაიხვეწნენ.

,,ისეთი ცუდი დრო დადგა, ასე ამბობდნენ, ბავშვებსაც კი ხოცავენო. ჩემი დისშვილი იზრდებოდა ჩემთან. გვითხრეს, რომ თქვენც წამოდით ჩრდილოეთ ოსეთში. ჩვენ არ დავტოვეთ დედისა და მამის სახლი. ბავშვი ბიძაშვილს გავატანეთ სომხეთის გზით. კალთიდან არ იშორებდა, ისეთი შიშიანობა იყო. ესე იძახდა, თუ ვინმე ბავშვის მოტაცებას დააპირებს, იქვე მოვკლავო. ასე წავიდნენ ჩემი ახლობლები და ნათესავები. ჩვენ დავრჩით ამ სოფელში“ - ამბობს ვენერა.

1990-იან წლებში დები უკვე 50 წელს გადაცილებულები იყვნენ. ქარხნებიც დაინგრა. სამუშაო აღარ იყო. სოფელში საკუთარი თავის საკმარისი მოსავალი მოყავდათ. ახლა უკვე 80 წელს მიაღწიეს და როგორც გვითხრეს, დის შვილები ეხმარებიან, თუმცა, სოფლის დატოვებას მაინც არ აპირებენ.

,,მამაჩემი აქ მარხია, დედაჩემიც აქ მარხია, სად უნდა წავიდეთ?“ - რიტორიკული შეკითხვა დაგვისვეს.

დებს თითქმის 30 წელია საქონელი აღარც ჰყავთ: ,,90-იან წლებში რომ დადიოდნენ საყაჩაღოდ, მას შემდეგ საქონელი აღარ გვყოლია. ზემოთ რომ სოფელი კლდუა, იქიდან საქონელი წაასხეს, იმათი ბღავილი აქამდე აღწევდა. მას მერე საქონელი აღარც გვყოლია“ - ამბობს ჩვენი მასპინძელი.



ახლა მათი მთავარი საზრუნავი ისაა, რომ ქარელში ჩასვლა და პენსიის აღება შეძლონ. ჯანმრთელობის კუთხით, ექიმების ყურადღება სჭირდებათ. დამოკიდებულნი არიან მედიკამენტებზე. ვენერას ცალ თვალზე ოპერაცია სჭირდება. დები ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში, მეტ-ნაკლებად დაცულები არიან, რადგან კორონავირუსი მათ სოფლამდე ვერ მიაღწევს. ასაცრელად კი, სოფლის 4-კომლიანი მოსახლეობისთვის ჯერ არავის მიუკითხავს.

ყველაზე დიდი იმედი კი ის ახალმოსახლეა, რომელიც დების სახლის გვერდით ახალ სახლს აშენებს.

,,სახლს ვინც აშენებს, იტალიაში ცხოვრობს. დედა აქაური ჰყავდა. წელს უნდა ჩამოსულიყო იტალიიდან, მაგრამ ვერ მოახერხა. უგზავნის ფულს მუშებს და უშენებენ კოპწია სახლს. ნეტა მალე ჩამოვიდეს და იცხოვროს აქ.“


Print Email
FaceBook Twitter

Ацы фарсыл рапарахатгонд æрмæджытæ ирон æвзагмæ тæлмацгонд æрцыдысты Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты минис¬трады финансон æххуысæй. Уыдоны мидис æнæхъæнæй авторы бæрндзинад у æмæ ницæй тыххæй нæй гæнæн æркаст цæуой куыд Стыр Британийы æмæ Цæгат Ирландийы баиугонд паддзахады фæсарæйнаг хъуыддæгты министрады æмæ, иумæйагæй, баиугонд паддзахады хицауады, позицийы равдыстдзинад.
Materials published on this web-site are translated into Ossetian language with financial support of Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland. Their content is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the Foreign Commonwealth Office of the United Kingdom of Great Britain and Northern Ireland or more generally that of the United Kingdom Government.