ქალაქ ხაშურში ბიბლიოთეკის შენობის კედელი ჩამოინგრა. ნგრევისას
არავინ დაშავებულა.
შენობის წინა მხარე გარემონტებულია, თუმცა უკანა მხარე საკმაოდ
სავალალო მდგომარეობაშია.
როგორც ხაშურის საკრებულოს წევრმა, მაკა დიდებულიძემ გვითხრა, შენობა
1900-იან წლებშია აშენებული.
,,კედელი, რომელიც ჩამოინგრა, შენობის უკანა მხარესაა, ეს ოთახი არ
იყო განკუთვნილი მკითხველისთვის ან თანამშრომლებისთვის. ძირითადად,
წიგნადი ფონდის საცავს წარმოადგენს. მე 8 წელი ვიმუშავე ბიბლიოთეკაში.
გარდა იმისა, რომ შენობა ძველია, მდებარეობს რკინიგზის სიახლოვეს და
ეს ფაქტორიც მოქმედებდა შენობის მდგრადობაზე. 3 წლის წინ, პროექტიც
შეადგინეს მერიაში, ახალი შენობის ასაშენებლად, მაგრამ ამ პროექტის
განხორციელებას პანდემიამ შეუშალა ხელი'' - ამბობს საკრებულოს
წევრი.
კედლის ჩამონგრევის შემდეგ, საჭირო გახდება წიგნადი ფონდის სხვა
ოთახებში გადატანა. თუ წიგნებისთვის შენობის რომელიმე სივრცეში ადგილი
არ მოიძებნება, სავარაუდოდ, მეზობლად მდებარე საცხოვრებელ სახლში,
დროებით დააწყობენ.
ფოტო: ხაშური ჩემი ქალაქია