გორში, ქალაქის საავადმყოფოს ყოფილ ტერიტორიაზე ,,გორი მოლი''
შენდება. ძველი შენობის დემონტაჟის შემდეგ, ახალი კომპლექსის
მშენებლობა დაიწყო.
ეს ის ადგილია, სადაც 62 დევნილისთვის ბინები უნდა გაეკეთებინათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2014 წლის ზაფხულში უნდა
დასრულებულიყო, თუმცა, დევნილთა მაშინდელი მინისტრის სოზარ
სუბარის განცხადებით, მშენებელი კომპანიის
ხელმძღვანელობა დიდი ხანია "გაქცეულია".
სოზარ სუბარმა აღნიშნული ობიექტის შესახებ, 2014 წლის 16
დეკემბერს გორში 2 წლიანი მუშაობის ანგარიშის
წარდგენისას ისაუბრა. სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი, რომ
2015 წლის იანვრიდან ახალი ტენდერის პირობებში
სარეაბილიტაციო სამუშაოები გაგრძელდებოდა. 4 დღეში კი
კედელი დაინგრა. სარეაბილიტაციო სამუშაოების
სატენდერო ღირებულება 1 100 000 ლარი იყო.
რაც შეეხება ,,გორი მოლს'', დღეს სარეკლამო
სტატია გამოქვეყნდა,
სადაც ვკითხულობთ:
კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე
"ვისოლ ჯგუფის" შვილობილი კომპანია - "მპ დეველოპმენტი", კიდევ ერთ
ახალ პროექტს გვთავაზობს. რუსთავი მოლის შემდეგ, ახლა უკვე გორში,
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, მრავალფუნქციური სავაჭრო
ცენტრი, წლის ბოლოს, პირველ მომხმარებელს უმასპინძლებს.
აღსანიშნავია, რომ შიდა ქართლის რეგიონში "გორი მოლი" პირველი
საერთაშორისო სტანდარტების მქონე სავაჭრო ცენტრია, რომელიც ბიზნესს
უნიკალურ შანსს აძლევს აითვისოს ახალი რეგიონის შესაძლებლობები და
უკვე ქალაქ გორშიც წარმოადგინონ თავიანთი ბრენდები. ცნობილია, რომ
სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იქნება: ჰიპერმარკეტი კარფური, ჯიპისი,
ეველაინი, მინისო, მანამო, ოპტიმისტი, ზუმერი, ვაიკიკი, უნო შუზი,
დანკინ დონატსი, გასართობი ცენტრი ქრეიზი ჰოლი და სხვები.
ორსართულიან, 15.000 მ2-ზე გაშლილ სავაჭრო ცენტრში მომხმარებელს
შოპინგისათვის სასიამოვნო გარემო, საკვები ობიექტები და გასართობი
სივრცე დახვდება. გორი მოლის სტუმრებს 150 ავტომობილზე გათვლილი
საპარკინგე ზონა მოემსახურება.
როგორც "მპ დეველოპმენტის" გაყიდვების ხელმძღვანელი, მარიამ კობალაძე
აღნიშნავს, ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრის 68% უკვე გაქირავებულია.
მისივე თქმით - მოლაპარაკება მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე, მსხვილ,
საერთაშორისო ბრენდთან. პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, რეგიონში
საერთაშორისო ბრენდების შეყვანა და ადგილობრივთა დასაქმებაა, რომელიც
ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებას.
პროექტის არქიტექტურას, დიზაინსა და მშენებლობას ასრულებენ
მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე, როგორც ქართული ასევე უცხოური
კომპანიები. პროექტის ინვესტიცია შეადგენს 30 მლნ ლარს და არის სრულად
დაფინანსებული, თიბისი ბანკის მიერ.
ცნობისთვის "მპ დეველოპმენტის" გუნდისათვის ეს საქართველოს მასშტაბით
რიგით მე-14 სავაჭრო ობიექტია.