ახალი ამბები
მეჯვრისხევში საბავშვო ბაღი 3 წელია შენდება და კვლავ დაუსრულებელია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის მშენებლობა ოფიციალურად დასრულდა, თუმცა აღსაზრდელებისთვის კვლავ არ იხსნება.

სამშენებლო კომპანიამ მშენებლობისთვის გათვალისწინებული თანხა 2,6 მლნ ლარი უკვე მიიღო. თანხის ბოლო ტრანში 2022 წლის დეკემბერში განხორციელდა.

საბავშვო ბაღი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით აშენდა და 180 ბავშვზეა გათვლილი.

როგორც ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის სექტემბერში. სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების დადებიდან 15 დღეში და უნდა დასრულებულიყო 260 დღეში, ანუ 2021 წელს.

განხორციელდა რამდენიმე ცვლილება და საბოლოოდ, მშენებელს ვადა 2023 წლის 15 მაისამდე მისცეს. შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ეს ვადაც დარღვეულია და უკვე 33 დღე ვადაგადაცილებად ითვლება.

ამავე დოკუმენტებით ცნობილია, რომ საპროექტო ორგანიზაციამ 3-ჯერ მოითხოვა მშენებლობის კორექტირება. მუნიციპალური განვითარების ფონდი სააგენტოს ვებ-გვერდზე არ ტვირთავს იმ წერილებს, რასაც საპროექტო ორგანიზაცია ითხოვს.

საპროექტო ორგანიაცია, თავისი სახელწოდებიდან გამომდინარე, უცხოური ორგანიზაციაა. არ არის გამოქვეყნებული ასევე ექსპერტიზის დასკვნა.

მშენებელია გორში რეგისტრირებული კომპანია ,,პროდიუს ინვესტმენტი'', მისი ხელმძღვანელი ამირან წკრიალაშვილი ამ ეტაპზე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გორის მუნიციპალიტეტის ბაღების სააგენტოში უცნობია, მშენებელსა და დამკვეთს შორის, არსებული ურთიერთობების შესახებ.
საპროექტო ორგანიზაციის ერთ-ერთი წერილით ირკვევა, რომ დამატებით შესასრულებელი იყო 266 418 ლარის სამუშაოები.
Print