კასპის მუნიციპალიტეტის მიერ დამხმარე და არამუდმივი ამოცანების
შესასრულებლად მოქალაქეთა დაქირავების პროცესი მოიცავს სისტემურ
ხარვეზებს.
ამის შესახებ საუბარია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში, რომელიც
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების
დაფინანსებას ეხება 2020-2021 წლების განმავლობაში.
სახელმწიფო აუდიტის ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტში 2021 წელს
დასაქმებული იყო 24 დამხმარე თანამშრომელი, 2020 წელს კი - 8.
გარდა ამისა, აუდიტის ცნობით, მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები გამოვლინდა
დაქირავებულთა რაოდენობების დადგენილ ზღვრებთან შეუსაბამობების,
საჯარო მოხელეების ფუნქციებთან თანხვედრისა და დასაბუთების მხრივ,
კერძოდ:
მუნიციპალიტეტში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად დაქირავებულთა
რიცხვი აღემატება კანონმდებლობით დადგენილ ზღვარს, რაც მერიებს
საკრებულოებთან არ შეუთანხმებიათ. აუდიტის ცნობით, მუნიციპალიტეტს
დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით შეეძლო შრომითი ხელშეკრულებით
დაესაქმებინა 6-10 პირი, თუმცა დადგენილი ნორმის ზევით დასაქმებული
ჰყავდათ 10-24 პირი.
სახელმწიფო აუდიტი აღნიშნავს, რომ გამოვლინდა ხელშეკრულებით
დასაქმებულთა სულ მცირე 10 მოვალეობა, რომელიც საჯარო მოსამსახურეების
ამოცანების იდენტურია.
,,შესაბამისად, მუნიციპალიტეტს ამ მიზნით შრომითი ხელშეკრულებები არ
უნდა გაეფორმებინა" - წერს აუდიტი.