ახალი ამბები
აშშ-ში ოსურმა დიასპორამ ,,ხეთაგობა'' აღნიშნა
ნიუ-იორკში, ნიუ-ჯერსისა და ფილადელფიაში ოსურმა დიასპორამ ,,ხეთაგობა'' აღნიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

როგორც ,,რესს'' დიასპორის ხელმძღვანელმა რაიონ ქუჩიევმა განუცხადა, უცხოეთში მცხოვრები ოსები ყველა დღესასწაულზე ერთმანეთს უკავშირდებიან და ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად დღესასწაულებს ერთად აღნიშნავენ.

"აქ მცხოვრები ოსები ცდილობენ დაიცვან ყველა ტრადიცია და წეს-ჩვეულება. ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, რომ არ დავივიწყოთ მშობლიური ენა", - განაცხადა მან.

ყოველი წლის ივლისის მეორე კვირას ოსები სახალხო დღესასწაულს ,,ხეთაგობას" (ხეთაგის ვასთირჯს - ხეთაგის წმ. გიორგი) აღნიშნავენ.

ლეგენდის თანახმად, ხეთაგი ქრისტიანობისთვის იდევნებოდა და გადარჩა იმის გამო, რომ ტყეს შეაფარა თავი. ეს ტყე ჩრდილოეთ ოსეთში მდებარეობს და წმინდა ადგილად ითვლება.

ხეთაგმა უარი თქვა სარწმუნოების შეცვლაზე და დატოვა სახლი. გზაზე გამოედევნენ. ხეთაგმა ღმერთს შველა სთხოვა. ზეციდან ხმა მოესმა, რომ თავი ტყეს შეეფარებინა. თუმცა, იმის საშუალება აღარ ჰქონდა, რომ ტყემდე მიეღწია.

მტრები ახლოს იყვნენ, უფალს სთხოვა - ,,ტყე მოვიდეს ჩემთან, უფალო!" უცბად, ტყე გაჩნდა იქ, სადაც ხეთაგი იდგა. ასე გადაურჩა სიკვდილს.

ამ დღის შემდეგ ეს ტყე წმინდად ითვლება. მეორე მსოფლიო ომამდე ტყეში, მხოლოდ, მამაკაცები შედიოდნენ სალოცავად, ხოლო ომის დროს მანდილოსნები შევიდნენ, რათა ღმერთისთვის დახმარება ეთხოვათ ბრძოლის ველზე წასული მეომრებისთვის.
Print