ახალი ამბები
,,მინდა დავამსხვრიო სტერეოტიპი'' - ხაშურის მერიიდან გათავისუფლებული თანამშრომელი სასამართლოში ჩივის
ხაშურის მერიის იურიდიული სამსახურის ყოფილი უფროსი ირინე ფერაძე სასამართლოში ჩივის. მან ადმინისტრაციული საჩივარი უკვე წარადგინა და ამჯერად პირველი სხდომის თარიღის ჩანიშვნას ელოდება.

ირინე ფერაძეს სურს დაამსხვრიოს სტერეოტიპი, თითქოს ბრძოლას აზრი არა აქვს:

,,სტატისტიკას თუ გადავხედავთ, სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულ თანამშრომელთა შორის ქალბატონები ჭარბობენ, გადაწყვეტილებებს კი იმგვარად დაკომპლექტებული დისციპლინური კომისიები იღებენ, სადაც არაკომპეტენტურობაა და გენდერული ბალანსი მთლიანად დარღვეულია, რაც ჩემ შემთხვევაშიც მოხდა. მინდა დავამსხვრიო სტერეოტიპი, თითქოს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო მოხელის მიერ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას აზრი არ აქვს.'' - აღნიშნავს ირინე ფერაძე.

მისი აზრით, აღნიშნული საქმე ამხელს ზოგიერთი თანამშრომლის არაკვალიფიციურობასა და არაკომპეტენტურობას, რაც გამოვლენილ იქნა მერიისადმი არაერთ შენიშვნასა თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობაში.

სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემდეგ ირინე ფერაძე კერძო საადვოკატო საქმიანობაში ჩაერთო:

,,მოცემულ ეტაპზე ვახორციელებ კერძო საადვოკატო საქმიანობას, რომლის უფლებამოსილებაც მრავალი წლის წინ მქონდა მოპოვებული და შევუერთდი იმ დიდ გუნდს, რომელსაც ადვოკატთა ასოციაცია ჰქვია, კვლავ ვარ თითოეული თქვენგანის სამსახურში და შელახული და დარღვეული უფლებების დაცვის სადარაჯოზე. დღიდან დღემდე, საკმაოდ აქტიურად მომიწია აღნიშნულ საქმიანობაში ჩართვა, რასთან დაკავშირებითაც ასევე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ ნდობისთვის, რომელიც გასული 12 წლის მანძილზე მომიპოვებია.'' - აღნიშნავს ირინე ფერაძე.
Print