ახალი ამბები
ტირიფონის არხი, რომლითაც ნადარბაზევი მარაგდება, ზაფხულში ამუშავდება
ტირიფონის არხი მუშაობას უახლოეს მომავალში, ზაფხულში დაიწყებს - ამის შესახებ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა განაცხადა.

ის სოფელ წინაგარაში იმყოფებოდა და სოფლის მოსახლეობას დაპირდა, რომ არხი ზაფხულში გაიხსნება.

დე-ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ტირიფონის არხის შესაკეთებლად ხუთ მილიონ რუბლს გამოყოფს, რომლითაც სოფელ ამძარინის (წინაგარის) სარწყავი წყლით მომარაგებას შეძლებენ.

"ვიცნობ სარწყავი წყლის პრობლემას, მის მოსაგვარებლად თანხა უკვე გამოიყო. ახლა მიმდინარეობს საჭირო სარემონტო სამუშაოები და ამ ზაფხულს თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით სარწყავი წყლით", - განაცხადა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ალან მარგიევმა განმარტა, ზონკარის წყალსაცავიდან წყალი ვეღარ მოდის, როგორც ადრე, რის შედეგადაც გადაწყდა ტირიფონის არხის შეკეთება და ამით სოფლის სარწყავი წყლით უზრუნველყოფა.

ტირიფონის არხმა ვიდრე სოფელ წინაგარამდე მიაღწევს, უნდა გაიაროს გორის მუნიციპალიტეტის სოფლები: კირბალი და ბერშუეთი, შემდეგ მოდის წინაგარა და ბოლო არის გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ხურვალეთი.

,ხურვალეთში უყენიათ დიდი ტუმბოები. რომლითაც მერე ტუმბავენ ნადარბაზევის ტბას, ავსებენ... ,წინაგარა თუ არ გამოიარა, წყალი ვერ მოვა ხურვალეთამდე. საბოლოო დანიშნულებამდე ვერ მოვა. ისე, რომ აუცილებლად უნდა გამოიაროს ეგ წინაგარა." - გვითხრა რამდენინე ხნის წინ სოფელ ჩობალაურის მკვიდრმა, როდესაც ქართულმა მხარემ არხის რეაბილიტაცია დაიწყო გორის ტერიტორიაზეც.

 

Print