ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღების კვების შესყიდვებით ,,საია'' დაინტერესდა
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში შეტანილი რძის პროდუქტების შესყიდვების საკითხით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისმა მოკვლევა დაიწყო.

როგორც რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქეთი ბებიაშვილმა გვაცნობა, ,,ქართლის ამბებზე'' გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს სრული დოკუმენტაცია გამოითხოვა.

,,რა ინფორმაციაც გავრცელდა, ეს არის ძალიან საგანგაშო. ჩვენ მივმართეთ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს, რომ ამ სტატიის საფუძველზე მოგვაწოდოს სრული ინფორმაცია.'' - გვითხრა ქეთი ბებიაშვილმა.

როგორც ,,ქართლის ამბები'' წერდა, გორის საბავშვო ბაღებში, 2023 წლის 13 ივლისის დასკვნით, შეჰქონდათ ისეთი რძის პროდუქტები, რაც საკვებად უვარგისი იყო.

საბავშვო ბაღებიდან აღებულ არაჟნის ნიმუშში კოლიფორმული ბაქტერიები აღმოჩნდა. 17 ივლისს, გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ კომპანია ,,ამალთეა გრუპთან'' ხელშეკრულება გაწყვიტა. მანამდე, 2023 წლის 7 ივნისს ხაჭოს ნიმუშები აიღეს. გორის მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წერილში ვკითხულობთ, რომ ,,შემოწმების შემდეგ პროდუქტში აღმოჩნდა მეტალის ნივთი და ობი. გარდა ამისა, დარღვეული იყო ეტიკეტირების მოთხოვნები.

პროდუქტები შეამოწმეს მარტსა და აპრილშიც.
Print