ახალი ამბები
„გორელ მეწარმეთა კლუბი“ დაფუძნდა
გორში „გორელ მეწარმეთა კლუბი“ დაფუძნდა. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს, შვეიცარული საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰელვეტასის“ და სასტუმრო „გორი ინნის“ ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრაზე ორგანიზატორებმა და კლუბის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რეგიონში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მისი დაძლევის გზებზე ისაუბრეს.

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ მაყაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მეწარმეობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით სააგენტოს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები გააცნო.

ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, კლუბის დაფუძნებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, სავაჭრო პალატის შიდა ქართლის განყოფილებისა და შვეიცარიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰელვეტასის“ წარმომადგენლები.

"გორელ მეწარმეთა კლუბი" სააგენტოს ხელშეწყობითა და უცხოური ორგანიზაციების გამოცდილების გათვალისწინებით, მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.

წყარო: გორის განვითარების სააგენტო

Print