ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ უ-ში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე
მამაკაცს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. პროკურორ ბაჩანა
ქარქუზაშვილის მოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა და ბრალდებულს სასჯელი 2
წლით დაუმძიმდა.
მანამდე საქმე ხაშურის სასამართლომ განიხილა, სადაც ბრალდებულს
7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
პროკურორის განცხადებით, 2021 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 22:45
საათზე, დანებით შეიარაღებულები შ. და ლ. ხ–ები, ქ–ს მუნიციპალიტეტის
სოფელ უ–ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლთან, ნიღბებით, ყაჩაღურად,
ჯგუფურად თავს დაესხნენ პ. გ–ს, რომელსაც სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით,
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, გასტაცეს 220 ლარი და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დაზარალებულ პ. გ–ს
განმარტებით, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებს განუცხადა, რომ ფულს
სახლში ინახავდა, დანებით შეიარაღებული შ. და ლ. ხ–ები შეჰყვნენ
ოთახში, სადაც დანის დემონსტრირებით აგრძელებდნენ დაზარალებულის
მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების
მუქარას, რის გამოც იგი იძულებული გახდა, საკუთარი ნების
საწინააღმდეგოდ, თავდამსხმელებისათვის გადაეცა ფული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის მასალების მიხედვით, მართალია,
დაზარალებული პ. გ–ი თავდამსხმელებს - შ. და ლ. ხ–ებს თავად შეუძღვა
სახლში ფულის მისაცემად, მაგრამ ეს მოქმედება გამოწვეული იყო
თავდამსხმელების ძალადობის, მუქარისა და იძულების შედეგად, რაც დაიწყო
სახლში შესვლამდე და გაგრძელდა დაზარალებულის მიერ მათთვის თანხის
გადაცემამდე და რაც, საკასაციო პალატის მოსაზრებითაც, წარმოადგენს
ყაჩაღობას ბინაში უკანონო შეღწევით.