ახალი ამბები
ხელოვნების სასახლე ქსნის ერისთავების ნათლობის ჯვარს ყიდულობს
ერთ-ერთი მოქალაქე ,,საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმს" ქსნის ერისთავების ნათლობის ჯვარს 15 000 ლარად სთავაზობს.

ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია და მუზეუმის თანამშრომლები თანახმანი არიან, რომ ჯვარი შეიძინონ.

მისი განცხადებით, XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ამ ჯვრით სავარაუდოდ გიორგი და დავით ერისთავები უნდა იყვნენ მონათლულები.

ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლების შეფასებით, რომ ქსნის ერისთავების ნათლობის ჯვარი ათონური ხელოვნების ჯვარია. გიორგი კალანდია აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი ნიმუში ბზისგანაა ნაკვეთი:

,,წინა პირზე, ცენტრში, ჯვარცმაა მოცემული, რომლის აქეთ-იქით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმ. იოანე ღმრთისმეტყველის ფიგურებია. თარაზულ მკლავზე წმ. კონსტანტინე და ელენეა, რომელთა შემდგომ ქერუბიმსერაფიმია გამოსახული. რაც შეეხება ზედა და ქვედა მკლავებს, მათზე ორი მახარებელია. ჯვრის ზურგზე, ცენტრში, გამოსახულია ნათლისღება. მის გვერდით, ორსავე მხარეს, თარაზულ მკლავებზე, თაღებში ჩაწერილი თითო ნახევარფიგურაა. ასეთ ჯვრებს სარიტუალო დანიშნულება ჰქონდათ, კერძოდ, ისინი სანათლავი ჯვრები იყო. ყოველივე ამის გათვალისწინებით აღნიშნული ექსპონატების შეძენა ჩვენი მუზეუმისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.'' - აღნიშნავს გიორგი კალანდია.

გიორგი და დავით ერისთავების სასახლე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოძისშია განთავსებული. ქსნის ერისთავების სასახლე კი - ახალგორში. ერისთავების ნათლობის ჯვარი კი ხელოვნების სასახლეში იქნება დაცული.
Print