გორში საქართველოს სახალხო არტისტისა და გორის ქალთა გუნდის
დამაარსებლის შალვა მოსიძის ვარსკვლავი გაიხსნა.
ვარსკვლავის გახსნას წინ გორის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო
ფესტივალი უძღოდა. ფესტივალის დასკვნით საღამოს შალვა მოსიძის
შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
სტუმრებმა თეატრის ფოიეში შალვა მოსიძის ცხოვრებისა და შემოქმედების
ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერეს. საღამოს საქართველოს კულტურის,
სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილობრივი
ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ფესტივალი, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო
დრამატული თეატრის ორგანიზებითა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის
მხარდაჭერით, გაიმართა.
მონაწილეობდნენ და მუსიკალურად აფორმებდნენ შალვა მოსიძის
მოსწავლეები, კერძოდ: საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდი
(ქორმაისტერი სვიმონ ჯანგულაშვილი), გურამ ყურაშვილის სახელობის
აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა (ქორმაისტერი ზვიად ბოლქვაძე),
გორის ქალთა კამერული გუნდი (ქორმაისტერი თეონა ცირამუა) და გორის
სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი
(ხელმძღვანელი ნინო წიკლაური).
შალვა მოსიძე 1967 წლიდან გორის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგად
მუშაობდა. მან 1970 წელს გორის ქალთა გუნდი დააარსა. ის არის საგუნდო
დირიჟორი, ქორმაისტერი, პედაგოგი, საქართველოს სახალხო არტისტი,
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესორი. მიღებული
აქვს შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის პრემიები, ღირსების
ორდენი, წმინდა გიორგის ოქროს ორდენი და სხვა.