ახალი ამბები
ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით ახალი პროექტი იწყება
ხორბლის, სიმინდის და ლობიოს ტრადიციული ჯიშების შენარჩუნების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საგრანტო პროექტს იწყებს.

კვლევითი ცენტრი, 8 რეგიონში, აღნიშნული კულტურების არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. ცენტრის ცნობით, სამიზნე კულტურები კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ჯიშებია.

მოეწყობა მინდვრის ცდები. შედეგები აიტვირთება მცენარეთა გენეტიკური რესურსების გენბანკის ადგილობრივ მონაცემთა ბაზაში და ევროპულ კატალოგში.

როგორც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოდან უცხოურ გენეტიკურ ბაკებში განთავსებულია ხორბლის, სიმინდისა და ლობიოს გენეტიკური რესურსები. დაგეგმილია, რომ მოხდება მათი დაბრუნება. გენეტიკური რესურსების შეგროვების მიზნით, ექსპედიციები მოეწყობა.

,,პროექტის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება ტრადიციული ჯიშების გამოყენება და კონსერვაცია, ეროვნულ და საერთაშორსო დონეზე ხელმისაწვდომი გახდება სამიზნე კულტურების კოლექციების მორფოლოგიური, აგროსამეურნეო და საპასპორტო მონაცემები, ხელი შეეწყობა ადგილობრივი ჯიშების ფერმერული მეურნებების პირობებში გავრცელებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მათი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მცენარეთა ხანგრძლივი ეხ-სიტუ კონსერვაციისთვის დანერგილი იქნება ხარისხის მართვის სისტემა და ეროვნული პროტოკოლები, ფერმერულ მეურნეობებს გადაეცემათ ტრადიციული ჯიშების სათესლე მასალა.'' - აღნიშნავენ კვლევით ცენტრში.

პროექტის სახელწოდებაა "კლიმატის ცვლილებებთან ადაპტირებული ტრადიციული ჯიშების შენარჩუნება ფერმერულ მეურნეობებში, ინ-სიტუ და ეხ-სიტუ კონსერვაციის ფორმებს შორის კავშირის გაძლიერება"

პროექტი 4-წლიანია და ის საქართველოს 8 რეგიონში განხორციელდება. აფინანსებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO).
Print