ახალი ამბები
ახალგორში მარიამ ილურიძის ნახატების პერსონალური გამოფენა გაიმართა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში დაბა ახალგორის ისტორიულ-სახელმწიფო მუზეუმში მარიამ ილურიძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

გამოფენაზე 30-მდე ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. როგორც რაიონის გამგეობის პრესსამსახურის უფროსი ანჟელა კოკოევმა ადგილობრივ მედიას განუცხადა - ,,გამოფენის გახსნა მყუდრო გარემოში, უახლოეს ადამიანებთან ერთად მოხდა. გოგონას მხარდასაჭერად მოვიდა რაიონის გამგეობის ხელმძღვანელი ილარიონ გაგიევიც. მან მიულოცა ნიჭიერ მოსწავლეს მნიშვნელოვანი ღონისძიება".



ახალგაზრდა მხატვარი ადრეული ბავშვობიდან ოცნებობდა საკუთარ პერსონალურ გამოფენაზე. მარიამის დედამ და ბებიამ მადლობა გადაუხადეს ორგანიზატორებს მისი ოცნების ასრულებისთვის.



მარიამი ახალგორის ქართული საშუალო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. მის პირველ გამოფენაზე წარმოდგენილია სამი ათეული ნამუშევარი, შესრულებული ფანქრით, გუაშით და აკვარელით. მარიამი უკრავს გიტარაზე და ფორტეპიანოზე, მღერის, წერს ლექსებს და აქტიურ მონაწილეობას იღებს სკოლის ცხოვრებაში.

გამოფენა მოეწყო დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის კულტურის განყოფილების მიერ, ადგილობრივი ისტორიის მუზეუმთან ერთად.

Print