ახალი ამბები
გორის მერია 30 600 ლარს გადაუხდის ,,მგზავრებსა'' და ,,ქიმერას'', ადგილობრივ ბენდს კი - 0 ლარს
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტო 30 600 ლარს გადაუხდის ,,მგზავრებსა'' და ,,ქიმერას'', რომელთა წევრები 8 ოქტომბერს, გორის დღეზე იმღერებენ.

თანხის გადარიცხვის თაობაზე თანხმობა შესყიდვების სააგენტომ უკვე გასცა.



სააგენტოს ცნობით, შესყიდვის ღირებულება განისაზღვრა მოლაპარაკებებისა და ურთიერთშეთანხმების გზით. მუსიკალური ჯგუფი "მგზავრები " და მუსიკალური ჯგუფი ,,ქიმერა" წარმოადგენენ ერთიან კოლექტივს და შესაბამისად ერთობლივად ასრულებენ მუსიკალურ ნომრებს.

,,მ/წ 8 ოქტომბერს დაგეგმილი სახალხო დღესასწაულის "გორობა 2023"-ს ფარგლებში საზეიმო კონცერტში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულია მუსიკალური ჯგუფი "მგზავრები " ბექა ონიანის ხელმძღვანელობით და მუსიკალური ჯგუფი ,,ქიმერა" დავით ძიძიგურის ხელმძღვანელობით, რომლებიც გაწევრიანებულები არიან საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში, როგორც შემსრულებლები, მიიღებს მონაწიელობას 8 ოქტომბერს ქ. გორში სახალხო დღესასწაულ " გორობა 2023"-ში. ზემოაღნიშნული შემსრულებლები შეირჩა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, რადგან ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობს გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შორის.'' - აღნიშნულია გორის კულტურის სააგენტოს მოთხოვნაში.

გორის მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, კონცერტზე მონაწილეობას ადგილობრივი ბენდიც მიიღებს, თუმცა სააგენტომ მათთვის თანხა არ გაითვალისწინა.


Print