მრავალწლიანი დავა დასრულდა ქონების მართვის სააგენტოსა და მოქალაქეს
შორის, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტში, 54 ჰა საძოვრისა და 2 ჰა
სათიბის პრივატიზაციის საკითხს ეხებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოქალაქეს უფლება მიეცა პირდაპირი
მიყიდვის წესით, შეიძინოს 54 ჰა საძოვარი.
როგორც სხდომის მასალებიდან ირკვევა, მოქალაქეს თავდაპირველად,
საძოვრები და სათიბები იჯარით აიღო. ქარელის რაიონის გამგეობის 2005
წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით, ყველა მათგანზე გაფორმებული იყო
იჯარა. იჯარის ხელშეკრულება დაიდო 2005 წლის 15 აგვისტოს.
საიჯარო ვადის თითქმის დასრულების შემდეგ, მოქალაქემ მოითხოვა
საძოვრების შესყიდვა, თუმცა ქონების მართვის სააგენტომ უარი
განუცხადა. უარის მიზეზად დასახელდა კანონი. კანონის მიხედვით, ის
მიწები, რომლებიც იჯარით გაცემულია 2005 წლის 30 ივლისის შემდეგ, არ
ექვემდებარება პირიდაპირი წესით პრივატიზაციას.
მოსარჩელემ 2020 წლის 1 სექტემბერს ელ-ფოსტით მიიღო სააგენტოს
წერილობითი უარი იმ მოტივით, რომ, რამდენადაც მას და ქარელის რაიონის
გამგეობას შორის იჯარის ხელშეკრულება გაფორმებულ იქნა 2005 წლის 30
ივლისის შემდეგ - 2005 წლის 15 აგვისტოს, მოცემულ შემთხვევაში,
პრივატიზებას არ ექვემდებარებოდა იჯარის ხელშეკრულებით
გათვალისწინებული საძოვრის კატეგორიის მიწის ნაკვეთები.
მოქალაქემ საჩივრით სასამართლოს მიმართა. ხაშურის რაიონული
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქონების მართვის სააგენტოს დაევალა
საძოვრების გაყიდვა პირდაპირი მიყიდვის წესით.
ხაშურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით
გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქონების ეროვნული სააგენტოს
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხაშურის
რაიონული სასამართლოს 2021 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება.
,,იმ პირობებში, როდესაც 2005 წლის 30 ივნისის მდგომარეობით იჯარის
გამცემმა ორგანომ ცალსახად გამოხატა ნება სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნ.ზ-ისთვის იჯარით გადაცემის თაობაზე, ხოლო კანონი
რაიმე სახის დათქმას 2005 წლის 30 ივლისამდე იჯარის ხელშეკრულების
არსებობის ან/და მისი რეგისტრაციის თაობაზე არ ითვალისწინებდა,
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს
შეფასებას, რომ კანონმდებლის მიერ "მიწის იჯარით გაცემის თარიღად"
მოიაზრებოდა შესაბამისი გამგეობის მიერ იჯარის გაცემის შესახებ
დადგენილების გამოტანის თარიღი და არა ხელშეკრულების დადების და
შემდგომ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტი.'' - აღნიშნულია
სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ჩვენ აღნიშნულ საძოვრებთან დაკავშირებით მოვითხოვეთ ინფორმაცია
ქარელის მერიისგან, თუმცა როგორც ადმინისტრაციის უფროსმა განაცხადა,
2005 წლის მასალები არქივშია შენახული, ხოლო აღნიშნული დავის შესახებ,
ინფორმაციას არ ფლობენ.