გორში, ვარიანის წყალსადენის, კარალეთის სათავე ნაგებობის
რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილია ასევე სადგურის დასახლებაში ქსელის
რეაბილიტაცია.
სამუშაოებისთვის 15 მლნ-მდე ლარი დაიხარჯება და პროცესი 2026 წლამდე
გაგრძელდება.
პროექტის მიხედვით, გამოიცვლება მაგისტრალური მილი, რომელიც ვარიანის
სათავე ნაგებობიდან მოდის და მდინარე ლიახვზეა განთავსებული. მოხდება
მისი ჰიდრავლიკური გამოცდა, გარეცხვა/დეზინფექცია. რეაბილიტაცია
ჩაუტარდება 400მმ-იან მილს, რომლის სიგრძეა 180 მ. ვარიანის
წყალსადენით ძირითადად სარგებლობს კომბინატის დასახლება.
პროექტის მიხედვით, 2023-2026 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება
სადგურის დასახლებაში სასმელი წყლის სისტემას. კერძოდ:
ქალაქ გორში ელექტროფიკაციის დასახლების წყალმომარაგების ქსელი
მოეწყობა პოლიეთილენის მილებით, 5 კმ სიგრძეზე. მოხდება მისი
ჰიდრავლიკური გამოცდა, ჩაუტარდება გარეცხვა/დეზინფექცია.
,,საჭიროების შემთხვევაში სისტემა აღიჭურვება წნევის გამაძლიერებელი
ტუმბო - აგრეგატებით, წნევის სარეგულაციო ჭებით, სახანძრო
ჰიდრანტებითა და ფასონური ნაწილებით. კომუნიკაციების, მდინარისა და
ხიდების გადაკვეთებით. არსებულ მილებზე, ფიტინგებზე, სახანძრო
ჰიდრანტებსა და ჩამკეტ-მარეგულირებელ არმატურებზე გადაერთებით
(საჭიროების შემთხვევაში ახლის მოწყობით).'' - აღნიშნულია
პროექტში.
ქვემოთ ფოტოზე: მდ. ლიახვის
ხიდზე ვარიანის წყალსადენი
დაგეგმილია ქალაქ გორში შპს "საქართველოს გაერთიანებული
წყალმომარაგების კომპანიის" საკუთრებაში არსებულ (№66.45.13.026)
სერვის - ცენტრის ტექნიკური განყოფილების შენობის სრული რემონტი -
რეაბილიტაცია - საწყობით, პარკინგით, დახურული ავტოფარეხით,
შესაბამისი სანიტარული, გათბობა-გაგრილების, ხანძარსაწინააღმდეგო
სისტემებითა და შშმ პირებზე მორგებული ინფრასტრუქტურით.
დაგეგმილია კარალეთის №1 (№66.46.20.632.001) სათავე ნაგებობის
ტერიტორიისა და მასში არსებული შენობა - ნაგებობების სრული
რეაბილიტაცია ყველა საჭირო ტექნოლოგიური, კონსტრუქციული, მექანიკური
თუ ელექტრო - ტექნიკური კომპონენტით და არსებული - ამორტიზებული
შენობების დემონტაჟი; სადარაჯო.
კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის აგვისტოში გაფორმდა.
ქვემოთ ფოტოზე:
ელექტროფიკაციის დასახლების სარეაბილიტაციო ქსელი