9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელსაც მეუღლის ფიზიკურ
ძალადობაში გორის პროკურატურა ადანაშაულებს.
პროკურორ ანა ცაგურიას თქმით, გორის სასამართლომ უსამართლო
გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ბრალდებულს არა მარტო ძალადობის, არამედ
მუქარის განხორციელებაშიც ედება ბრალი.
სასამართლო სხდომაზე ანა ცაგურიას განცხადებით, ბრალდებულმა, ღამის
საათებში, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკური
შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს, კერძოდ, მაჯაში ხელი მოუჭირა
ძლიერად, რის შემდეგაც კრა ხელი და დააგორა კიბის საფეხურებზე და
წამოდგომის დროს ხელი ერთხელ დაარტყა მარჯვენა მხარში.
,,ბრალდებული თვლიდა, რომ მის ყოფილ მეუღლეს, როგორც ქალს, არ აქვს
უფლება, ჰქონდეს პირადი ცხოვრება.. ასევე, ვინაიდან ის არის კაცი,
ქალი უნდა დაემორჩილოს მის ნებას, იმოქმედოს მისი სურვილის
შესაბამისად, არ უნდა შეეპასუხოს და შეეწინააღმდეგოს მას. ასევე,
დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. კერძოდ, უთხრა რომ დააგორებდა კიბეებზე
და მოკლავდა'' - განაცხადა პროცესზე ანა ცაგურიამ.
გორის სასამართლომ განმარტა, რომ დაზარალებულმა არ მიუთითა ჩვენებაში
მუქარის შესახებ, ასევე თავი შეიკავა ყოფილი მეუღლის მიმართ ჩვენების
მიცემაზე. შესაბამისად, გორის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ფიზიკური
შეურაცხყოფის ფაქტზე 150 საათიანი შრომა მიუსაჯა საზოგადოების
სასარგებლოდ. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებული
იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და სასჯელს 9-თვიანი პატიმრობა
დაემატა.