ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთი რუსულ კომპანიას სთხოვს, რომ არ გააძვიროს დენის გადასახადი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ,,ენერგორესურსის'' ხელმძღვანელმა, აცამაზ კაბისოვმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რუსეთიდან დენის მიწოდების შეზღუდვას არ ელოდება.

მოახლოებული ზამთრის პირობებში ცხინვალისა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სხვა რაიონებში დენის ღირებულების გაზრდას ელოდებიან. გადაუხდელობის შემთხვევაში კი, - რუსეთიდან დენის მიწოდების შეზღუდვას.

რუსულმა კომპანიამ ,,ინტერ რაომ'' იმ ქვეყნებსა და მომხმარებლებს, რომლებიც ევრაზიის კავშირის ზონის მიღმა ცხოვრობენ, დოლარის კურსის ზრდის გამო, დენის საფასური 7%-ით გაუზარდა.

Inter RAO-ს წარმომადგენელმა ალექსანდრა პანინამ, ევრაზიის კავშირის ფარგლებს გარეთ ელექტროენერგიის მიწოდების შესაძლო შეზღუდვის ან სრული შეწყვეტის შესახებ, გადაწყვეტილება სექტემბრის ბოლოს გამოაცხადა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ენერგორესურსების ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ გაძვირებული ტარიფის შესახებ გადაწყვეტილება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთსაც ეხება.

„სამხრეთ ოსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ წერილი გაუგზავნა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს ალექსანდრე ნოვაკს. ამ დროისთვის ოფიციალური პასუხი ჯერ არ მიგვიღია. ამასთან, შემიძლია ვთქვა, რომ ტარიფები იგივე დონეზე დარჩა“, - განაცხადა კაბისოვმა.


 

Print