ახალი ამბები
გიორგი გოგშელიძე გორში 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი გოგშელიძე გორში 150 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

ამის შესახებ მან გორის მერიას წერილობით მიმართ. როგორც ირკვევა, გოგშელიძეს ჭალის დასახლებაში ობიექტის მშენებლობა 2021 წელს უნდა დაეწყო.

განცხადებაში იგი აღნიშნავს, რომ ხელი შეეშალა სამუშაოების დასრულებაში და შესაბამისად - პირობის შესრულებაში.

,,დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს პროექტის მომზადება და მშენებლობის ნებართვის მიღება, ასევე, ნაკვეთის მომზადება მშენებლობისთვის, აღნიშნულიდან გამომდინარე, მთლიანობაში პრივატიზებულ მიწის ნაკვეთზე განხორციელდება 150 000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია და ვითხოვ მითითებული პირობის ვადის გაგრძელებას კიდევ 2 (ორი) წლით'' - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიას ვადის გაგრძელება მიზანშეწონილად მიაჩნია.

გორის მერიის ცნობით, პრივატიზებულ მიწის ნაკვეთზე (მის: ქალაქი გორი, დასახლება ჭალის, ჩუბინიშვილის ქუჩის მიმდებარედ; არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 1200 კვ.მ; ს/კ 66.45.31.489) მყიდველი ვალდებული იყო მოეხდინა საგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლამდელი, ზოგადი განათლების, პროფესიული და უმაღლესი განათლების), სამედიცინო დაწესებულების, სასტუმროს, სპორტული კომპლექსის ან სავაჭრო ცენტრის მშენებლობა და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება განეხორციელებინა პრივატიზაციიდან 2 (ორი) წლის ვადაში.

გორის მერიამ, ვადის გაგრძელების მოთხოვნით, საკრებულოს მიმართა. გორის საკრებულოს უმრავლესობა თანახმაა ვადის გაგრძელებაზე:

,,მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რომ აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების ვადად პრივატიზაციიდან 2 (ორი) წლის ვადის ნაცვლად განისაზღვროს პრივატიზაციიდან 4 (ოთხი) წლის ვადა, იმ პირობით, რომ ,,მყიდველის" მიერ აღნიშნულ ვადაში მიწის ნაკვეთზე განხორციელდება 150000 (ას ორმოცდაათი ათასი) ლარის ინვესტიცია და ამ ვადის გასვლისთანავე წარმოდგენილი იქნება მითითებული ინვესტიციის განხორციელების დამადასტურებელი შესაბამისი აუდიტორული დასკვნა. 2. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე.'' - აღნიშნულია საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტში.

Print