ახალი ამბები
,,გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა გამოყენებამ აჩვენა მათი მაღალი უსაფრთხოება და ეფექტურობა''
გორის სამხედრო ჰოსპიტალში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ჰოსპიტლის ადმინისტრაციის ცნობით, ვაქცინაცია ხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებული ნიდერლანდების წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით - ,,ინფლუვაკი“.

ჰოსპიტალში ვაქცინაციას უზრუნველყოფს სამედიცინო ხარისხის სამსახურის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მიმართულება. კერძოდ, მარინე გოგინაშვილი - ექიმი ეპიდემიოლოგი და ნანი მაჭავარიანი - სანიტარული ექიმი

ეპიდემიოლოგის ცნობით, ვაქცინაციიდან ორი კვირის ვადაში ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს იმ კონკრეტული ვირუსების მიმართ (,,ა“ და ,,ბ“), რომელიც გათვალისწინებულია სეზონურ ვაქცინაში. ასევე, გრიპის ვაქცინების მრავალწლიანმა გამოყენებამ აჩვენა მათი მაღალი უსაფრთხოება და ეფექტურობა, განსაკუთრებით, მძიმედ მიმდინარე გრიპის რისკის მქონე ჯგუფებში.

ქვეყანაში გრიპის ვაცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა - სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.

აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის მზადყოფნის მიზნით, 200 000 დოზა Abbott Biologicals B.V.-ის (ნიდერლანდები) წარმოების ოთხკომპონენტიანი სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა INFLUVAC შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
Print