შიდა ქართლის შს სამმართველოს აგარის განყოფილების უფროსს სოსო
გელაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.
გადაწყვეტილება რუსთავის სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.
პროკურორ კონტანტინე ცაცუას განცხადებით, ბრალდებულმა მარნეულის
გზაზე, დაკავებამდე ორი ყუთი უაქციზო სიგარეტი სამსახურებრივი
მანქანიდან გადააგდო და მტკიცებულების მოშორება სცადა.
ცაცუას განმარტებით, საქონლის ღირებულება წიანასწარი შეფასებით 12
ათას ლარს აღწევს, ღირებულება ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ,
დაზუსტდება.
კონტრაბანდული და თანაც რუსული სიგარეტი იოსებ (სოსო) გელაშვილის
ავტომანქანიდან ამოიღეს. ჩხრეკის დროს ამოღებულია კალაშნიკოვის ტიპის
ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე 50-ზე მეტი ვაზნა.
აგარის განყოფილებაში შედის ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე
არსებული ის სოფლები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა, თუმცა პროკურორის განცხადებით, ეს არ
ნიშნავს გამოძიებასთან თანამშრომლობას.
შსს-ს პრესსამსახურის ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომელი - იოსებ გელაშვილი გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა
დააკავეს.
დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,სამართალდამცველებმა, დაკავებულის ავტომობილის, საცხოვრებელი
სახლისა დასამუშაო ოთახის ჩხრეკის შედეგად, დიდი ოდენობით სხვადასხვა
სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და
ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.'' -
აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.