ახალი ამბები
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ყოფილ მეუღლეს მართვის მოწმობის აღების დროს დაემუქრა - პროკურორი
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი ყოფილ მეუღლეს მოკვლით დაემუქრა.

პროკურორ ლაშა მერებაშვილის განცხადებით, შემთხვევა მართვის მოწმობის აღების დროს სხვა ქალაქში მოხდა.

მისი განცხადებით, ბრალდებულის მიმართ ასევე გამოტანილი იყო შემაკავებელი ორდერი, ხოლო გორის სასამართლოს მიერ  გამოტანილი განაჩენით, ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

,,11:00 საათზე, ბრალდებული, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შერიგებაზე უარის მიღებით განაწყენებული სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს. კერძოდ, აღიქვამდა რა მას ნივთად, უთხრა, რომ თუ არ შეურიგდებოდა, მოკლავდა მას და თავსაც მოიკლავდა. აღნიშნული მუქარა დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.'' -აღნიშნა პროკურორმა.

სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ სცნო მხოლოდ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევაში. რაც შეეხება მუქარას, სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე, დაზარალებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

პროკურორ ლაშა მერებაშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილება გამართლების ნაწილში უკანონოა, ვინაიდან, წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად ადასტურებენ პირის ბრალეულობას.

,,შეტყობინებით ირკვევა, რომ ადგილი ჰქონდა მეუღლეებს შორის კონფლიქტს. გარდა ამისა, გამოძიების ეტაპზე დაზარალებული დეტალურად აღწერდა მუქარის ფაქტს. სასამართლოს გადაწყვეტილებების პრაქტიკა აჩვენებს, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს, დაზარალებულის მხრიდან, ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, არ ნიშნავს მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებების უარყოფას. მუქარის ფაქტი დასტურდება ასევე შემაკავებელი ორდერით, რაც წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. დანაშაული ჩაიდინა მცირე მიზეზის გამო ოჯახის წევრის, ქალის მიმართ, რის გამოც მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი.'' - განაცხადა პროკურორმა.

 

Print