ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო ითხოვს გორში მდებარე დედათა და ბავშვთა
მკურნალობის ცენტრის დაჯარიმებას იმ მოტივით, რომ კლინიკა
,,იავნანამ'' ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამის განხორციელება
ნაადრევად შეწყვიტა.
ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა ერთი წლის განმავლობაში ანაზღაურებული
თანხის 10%-ით.
ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ერთი წლის განმავლობაში, 2022
წელს, ,,იავნანამ'' პროგრამის განხორციელების შედეგად, 62 910 ლარი
მიიღო. შესაბამისად, სააგენტო თვლის, რომ ,,იავანანა'' 6291 ლარით
უნდა დაჯარიმდეს.
საქართველოში ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამას სახელმწიფო
აფინანსებს. პროგრამის მიზანია დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის
შემცირება, ნაადრევი მშობიარობების რიცხვისა და თანდაყოლილი
ანომალიების განვითარების შემცირება.
ამ პროგრამის ფარგლებში ორსულებისათვის, 8 ანტენატალური ვიზიტის
ხარჯები იფარება, რომელიც გულისხმობს:
მეან-გინეკოლოგის კონსულტაციას, სისხლის საერთო ანალიზს, შარდის
კულტურალური გამოკვლევას, სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების
განსაზღვრას, რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების მქონე ქალებში
რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირებას, სკრინინგულ ტესტებს (B ჰეპატიტის
ვირუსი, ჩ-ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი), ულტრაბგერით
გამოკვლევას.
რატომ მიატოვა ანტენატალური მეთვალყურეობის პროგრამა ,,იავნანამ''?
ამის შესახებ სააქციო საზოგადოების დირექტორს დავით სარალიძეს
დავუკავშირდით.
მისი განმარტებით. გასულ წელს, იავნანამ ფუნქციონირება შეწყვიტა და,
შესაბამისად, ყველანაირ მომსახურებაზე უარი განაცხადა. თუმცა, გორში
ორსულებისთვის მსგავსი პროგრამა 2023 წლისთვის გაგრძელდა, რადგან ამ
პროგრამაში ჩაერთო ,,გორმედი''.
დავით სარალიძე თვლის, რომ ჯარიმა გადასახდელი არა აქვს, ამიტომ,
საჯარიმო ოქმის გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართა.
ჯანდაცვის სააგენტოს ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ცალმხრივად
შეწყვეტამდე კლინიკა ვალდებული იყო შეტყობინება ორი თვით ადრე
გაეკეთებინა.
კლინიკამ პროგრამის განხორციელება 2022 წლის 7 ნოემბერს შეწყვიტა.
დავით სარალიძემ წარადგინა 2022 წლის 7 აგვისტოს წერილი, სადაც ის
სააგენტოს ატყობინებს, რომ იგეგმება პროგრამის შეწყვეტა, შესაბამისად,
ორი თვის ვადა გათვალისწინებული იყო. საკითხის განხილვა გორის
სასამართლოში დაიწყო.
სასამართლოსგან ჯარიმის დამტკიცების შემთხვევაში, თანხის გადახდა
,,იავნანას'' ხელმძღვანელობას მოუწევს, რომელიც ასევე ,,გორმედის''
მფლობელია. ამჟამად, დედებსა და ბავშვებზე ,,გორმედის'' შენობაში
ზრუნავენ. თავდაპირველად, მშობელთა მხრიდან ამ ფაქტს უკმაყოფილება
მოჰყვა, რადგან მათი განცხადებით, გორმედში არ იყო ის პირობები
ბავშვებისთვის და ორსულებისთვის, რაც კლინიკა ,,იავნანაში'' იყო.
თუმცა, სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, რომ ,,გორმედში'' ყველა პირობა
არსებობს. დავით სარალიძე ამბობს, რომ ,,იავნანას'' არ ჰქონდა
საკმარისი შემოსავალი, ამიტომაც მოხდა დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს
გადასვლა ,,გორმედის'' შენობაში.