გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, პოლიციამ სოფლის შესასვლელი
გადაკეტა.
სამართალდამცველები სოფელში არ უშვებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც
გინტურების ოჯახში მისასამძიმრებლად მიდიოდნენ.
გორის საკრებულოს წევრები ანო ბალიაშვილი, კახა ლობჟანიძე და ბექა
ქორჩილავა აცხადებენ, რომ დაღუპულია საკრებულოს წევრის, გივი გინტურის
ძმა მოკლეს.
,,დაღუპულია ჩვენი კოლეგის, გივი გინტურის ძმა. გვინდა, რომ
მივუსამძიმროთ ოჯახს, მაგრამ პოლიციელები არ გვიშვებენ. რამდენადაც
ჩვენთვის ცნობილია, მკვლელობის ფაქტი მოხდა ლომისის ეკლესიასთან.
პირადად ვიცნობდით ამ ადამიანს. რაც შეეხება დაკავებულს. მას პირადად
არ ვიცნობდი, მაგრამ ისიც ამ სოფლელია და გვინდა, რომ მოვინახულოთ
ოჯახები, რათა უფრო მეტი ინფორმაცია გავიგოთ'' განაცხადა ანო
ბალიაშვილმა.
დღეს 6 ნოემბერს ლომისის სალოცავში რუსეთის სამხედროებმა საქართველოს
ორი მოქალაქის დაკავება სცადეს. ერთი მათგანი სროლისას დაიღუპა, მეორე
კი ცხინვალში გადაიყვანეს,.
"ღრმად აღშფოთებული ვარ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო
დაკავებისას საქართველოს მოქალაქის მკვლელობის გამო.'' - კირბალში
მომხდარი ფაქტის შესახებ ოფიციალურ განცხადებას საქართველოს
პრეზიდენტი ავრცელებს.
მისი თქმით, კირბალში მომხდარი ფაქტი სახელმწიფოებრიობაზე უხეში
თავდასხმაა:
,,ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ეს უხეში თავდასხმა კიდევ ერთხელ ამხელს
"ერთმორწმუნე ძმის" ნამდვილ სახეს. სასწრაფოდ მოვუწოდებ საერთაშორისო
თანამეგობრობას, ცალსახად დაგმოს რუსეთის ქმედებები, რომელიც უხეშად
და ურცხვად არღვევს ყველა საერთაშორისო ნორმას" - წერს საქართველოს
პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
კირბალის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ფაქტს საქართველოს მთავრობა
ეხმაურება. მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკანონოდ
დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ
ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად მოკლულ იქნა საქართველოს
მოქალაქე.
,,მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილზე არსებულ რთულ
უსაფრთხოების გარემოს და მეტყველებს ოკუპაციის მძიმე შედეგებზე,
რომელთანაც გამკლავება საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად,
სამწუხაროდ, მშვიდობიან მოქალაქეებსაც უწევთ. ვუსამძიმრებ
გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ამ უმძიმეს ტრაგედიას.
სახელმწიფო მათ გვერდით დგას ამ მძიმე წუთებში.'' - აღნიშნულია
მთავრობის განცხადებაში.
აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ყველა შესაბამისი
მექანიზმი, ინფორმირებულები არიან საერთაშორისო პარტნიორები.
საქართველოს მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას
შესაბამისი შეფასება და რეაგირება მოახდინოს მომხდარზე, ასევე
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს ითანამშრომლონ ყველა მხარესთან
დამნაშავის გამოსავლენად და დასასჯელად.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, კირბალის მიმდებარედ,
რუსეთის სამხედროებმა მეორე ადამიანის დაკავება მოახერხეს.
,,მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ
დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადებში
გასათავისუფლებლად.'' - აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.