ახალი ამბები
,,ერთი კვირაა ეტაპობრივად ანგრევენ'' - გორის #4 სკოლის ბავშვებს მტვერში ყოფნა უწევთ
გორის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მშენებლობის გამო, მტვერში ყოფნა უწევთ.

ამის ამსახველი ფოტო დღეს რედაქციას გამოუგზავნეს. ჩვენ დავუკავშირდით სკოლის ადმინისტრაციას.

როგორც სკოლის ადმინისტრაციიდან გვაცნობეს, მშენებლობა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო, კერძოდ, სახლს ეტაპობრივად ანგრევენ. ბავშვებს მანდატურები სთხოვენ, რომ ძირითადად შენობაში იყვნენ.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის მანდატურიც, ადმინისტრაციაც და პედაგოგებიც მობილიზებულები არიან იმისათვის, რომ ბავშვებს არ მოუწიოთ მტვერში ყოფნა, შესაბამისად, ბავშვები არიან ძირითადად შენობაში და არ გადიან გარეთ.

ფოტოზე კი, რომელიც დღეს სკოლიდან მოგვაწოდეს, ჩანს, რომ ბავშვები მტვერში არიან.

სკოლის ადმინისტრაციამ არ იცის, სკოლის წინ როდის დასრულდება მშენებლობა. მათთვის არავის უცნობებია.

ფაქტის შესახებ დავუკავშირდით ასევე გორის მუნიციპალურ ინსპექციას, საიდანაც გვიპასუხეს:

,,გაცნობებთ, რომ ამა წლის 8 ნოემბერს, მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა გამოავლინეს და ადგილზე შეისწავლეს აღნიშნული საკითხი. რის შედეგადაც დადგინდა, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობისათვის საჭირო სამუშაოები, კერძოდ საძირკველის ამოღება (მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუზველზე). ადმინისტრეციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს მსგავს სამუშაოებზე ადმინისტრაციულ ჯარიმას.''
Print