მამაკაცი, რომელსაც ხაშურში, საზოგადოებისათვის სასარგებლო სამუშაო
უნდა შეესრულებინა, დააკავეს.
მას ერთის მხრივ სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობაში დასდეს
ბრალი, ხოლო მეორეს მხრივ, პროკურორის შეურაცხყოფის გამო, ჯარიმა
დააკისრეს.
ხაშურის სასამართლოს ცნობით, ბრალდებულს, თავდაპირველად, 240 საათი
უნდა ემუშავა.
სასამართლოს გადაწყვეტილება, 240 საათით მუშაობასთან დაკავშირებით, არ
შესრულდა. ამის გამო, პროკურორმა სასჯელის დამძიმება მოითხოვა.
სასამართლომ პროკურორის მოთხოვნა დააკმაყოფილა და პირი 2400 ლარით
დააჯარიმა.
პროკურორის განცხადებით, არც ეს გადაწყვეტილება შესრულდა. მოსამართლემ
პროკურორის მორიგი მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოქალაქეს ჯარიმასთან
ერთად პატიმრობაც მიუსაჯა.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო მსჯავრებულმა პროკურორს შეაფურთხა.
ამჯერად, პროკურორმა კიდევ ერთი მოთხოვნით მიმართა სასამართლოს, რათა
პირისთვის სასჯელის ზომა გაზრდილიყო. ამჯერად, მოქალაქეს,
პატიმრობასთან ერთად, ჯარიმის სახით 3400 ლარი დაეკისრა.